მასწავლებლებისთვის კრედიტქულების დაგროვება გაუქმდება
მასწავლებლებისთვის კრედიტქულების დაგროვება გაუქმდება, – ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ განათლების ახალი რეფორმის პრეზენტაციის ფარგლებში განაცხადა.
ბერიკა შუკაკიძის თქმით, მასწავლებლები ბიუროკრატიაში არიან ჩართული, რისგანაც უნდა გათავისუფლდნენ.

„ნაკლები ბიუროკრატია, მეტი დეცენტრალიზაცია, ძლიერი სკოლა. ეს არის ჩვენი მიზანი. მასწავლებლები გახვეული იყვნენ ბიუროკრატიაში, საბუთების ატვირთვაში და ბავშვებისთვის ნაკლები დრო რჩებოდათ. კრედიტქულებში იკარგება ბავშვი. ვირტუალური ქულების დაგროვებამ გარკვეული როლი შეასრულა, მაგრამ ეს არ არის ის, რაც ახლა გვჭირდება. ბიუროკრატიიდან აქცენტი გადადის საგაკვეთილო პროცესზე“, – განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.

ამასთან, მასწავლებლებისთვის გაუქმდა თვითშეფასებისა და პორტფოლიოს ატვირთვის ვალდებულებაც.

ბერკიკა შუკაკიძის თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც პორტფოლიოს მასწავლებლები სხვას აწერინებდნენ და ზოგჯერ ამისთვის გასამრჯელოსაც იხდიდნენ. მისი შეფასებით, ეს სავალდებულო აღარ იქნება, თუმცა აღნიშნა, რომ თვითშეფასების პორტფოლიოს ატვირთვა ნებაყოფლობით მაინც იქნება შესაძლებელი.

ამასთან, როგორც პრეზენტაციაზე აღნიშნეს, დაინერგება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მასწავლებლების შეფასების სისტემა, მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად შემოიღებენ სტატუსის შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდას, 2019 წლის გაზაფხულიდან პროფესიული განვითარების სისტემის დეცენტრალიზაცია მოხდება, 2020-2022 წლებში დამტკიცდება საკოლების შიდა ხარისხის მართვის დიფერენცირებული მოდელები და ინსტრუმენტები, ამასთან, სკოლა მზაობის შემთხვევაში შეიმუშავებს სკოლის ხარისხის მართვის საკუთარ სისტემას.

ბერიკა შუკაკიძის თქმით, შედეგად გაიზრდება სკოლის დამოუკიდებლობა და პასუხისმგებლობა სკოლაში ხარისხიანი განათლების მიმართულებით, შემცირდება ბიუროკრატია და რეგულაციები.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər