შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაშურში „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
13:55 / 11.10.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტელეკომპანია
„რუსთავი-2“-ის გადამღები ჯგუფის ჟურნალისტის - ეკა გაგუას და
ოპერატორის - ლევან კალანდიას მიმართ განხორციელებული ძალადობისა და
ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით,
2 პირი: 1983 წელს დაბადებული ს.უ. და 1976 წელს დაბადებული ი.ც.
დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის
გადამღებ ჯგუფს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, სიტყვიერი და
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და საქმიანობაში ხელი უკანონოდ
შეუშალეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა
„ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ სოფელ ქვიშხეთის ობიექტის უფროსის
მოვალეობის შემსრულებელი ს.უ. და ამავე ორგანიზაციის თარჯიმანი ი.ც.
დააკავეს.
საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ
ხელის შეშლის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 154-ე მუხლის მე-2 და 126-ე
მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს.