პოლიციამ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიიდან თურქეთში სარეალიზაციოდ გამზადებული ავტომატი და 7 030 ვაზნა ამოიღო
23:37 / 15.02.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის
დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი
იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვა-ტარების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის
დარღვევით გადატანის ბრალდებით, 1965 წელს დაბადებული რ.თ. დააკავეს.
დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა რ.თ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი სარფის
საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში, გადამოწმების მიზნით
შეაჩერეს. პოლიციამ, ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, სპეციალურად
მოწყობილი სამალავიდან, თურქეთის რესპუბლიკაში სარეალიზაციოდ
გამზადებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 7 030 ვაზნა
ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და საქართველოს საბაჟო
საზღვარზე წესის დარღვევით გადატანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 214-ე
მუხლის მე-4 ნაწილით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით
მიმდინარეობს.