უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთმა ქერჩის სრუტესთან, ნეიტრალურ წყლებში ომი გააჩაღა
უკრაინის ტერიტორიაზე აგრესიის გარდა, რუსეთმა ქერჩის სრუტესთან, ნეიტრალურ წყლებში ომი გააჩაღა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა განაცხადა.

„რუსეთმა აგრესია განახორციელა უკრაინის წინააღმდეგ. ახლა ჩვენ გვაქვს აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე და ასევე ომი რუსეთთან ნეიტრალურ წყლებში, ვინაიდან აგრესიის ეს აქტი ზუსტადაც რომ ნეიტრალურ წყლებში მოხდა. ეს აგრესიის აქტია და ზუსტად ასეთი შეფასება უნდა მიეცეს საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების გემებს, ქერჩის სრუტის დატოვებისას რუსეთის სასაზღვრო ძალების გემმა ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა მხარემ გაავრცელა.
არსებული ინფორმაციით, ორი მცირე ზომის საარტილერიო გემი “ბერდიანსკი” და “ნიკოპოლი” ოდესის პორტიდან მარიუპოლში გეგმურ გადასვლას ახორციელებდა. გარდა ამისა, ძალადობრივად იყო შეჩერებული ბუქსირი “იანი კაპუ”. უკრაინული მხარე ასევე იუწყება, რომ აღნიშნული გემები რუსული მხარის მიერ არის დაკავებული. სროლის შედეგად, დაჭრილია 6 უკრაინელი მეზღვაური.
ოფიციალური კიევის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებები პირველად 25 ნოემბრის დილას განხორციელდა, როცა სამი უკრაინული გემი ოდესიდან მარიუპოლისკენ მიემართებოდა. თავდაცვის უწყების ცნობით, რუსული გემი უკრაინულს განგებ შეეჯახა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, გემების გადაადგილება წინასწარ იყო დაგეგმილი.
წყარო: ინტერპრესნიუსი
Print