მარნეულელები, რომლებმაც "1+4" პროგრამით უნივერსიტეტებში სრული დაფინანსება მოიპოვეს

ზემფირა ზეინალოვამ, სადიგ მუსაევმა და სენან გურბანოვმა სახელმწიფო პროგრამის "1+4" - ფარგლებში სრული დაფინანსება მოიპოვეს და უნივერსიტეტებში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხნენ.


ზემფირა ზეინალოვა სოფელი კაჩაგნის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. მან
გამოცდაზე 67 ქულა მიიღო და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

„ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. უფასო სწავლა და უნივერსიტეტში ჩაბარება, ლამაზი გრძნობაა. მე იურიდიულზე მინდა სწავლის გაგრძელება. შეიძლება ეს ოცნება შეიცვალოს, მაგრამ, ჯერჯერობით, ამაზე ვფიქრობ. ძალიან კარგი გრძნობაა სტუდენტის სტატუსის მოპოვება. ოჯახიც სულ ოცნებობდა რომ მესწავლა. ძალიან უხარიათ,, რომ ამ ყველაფერს მივაღწიე და ვამაყობ ჩემი თავით. სამომავლო გეგმები ბევრი მაქვს. სწავლა მინდა გავაგრძელო და ბაკალავრის დასრულების შემდეგ მაგისტრატურაში ვისწავლო“

კიდევ ერთი მაღალქულიანი მოსწავლე სადიგ მუსაევი აცხადებს, რომ მას ოცნებად ჰქონდა სტუდენტის სტატუსის მიღება. კირეჩ მუღანლოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებული 60 ქულით ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

„მე მათემატიკით ვარ დაინტერესებული. მეგობრებს როცა უჭირდათ სკოლაში, მათემატიკაში მე ვეხმარებოდი. გამოცდებში მათემატიკის არსებობა ჩემთვის იყო საჩუქარი. ერთი წელი ვემზადებოდი. ეს დღეც მოვიდა და მოსალოდნელი შედეგი მივიღე. მათემატიკა და ფიზიკის მიმართ დიდი ინტერესი მაქვს. ვფქირობ, რომ კომპიუტერულ მეცნიერებებზე გავაგრძელებ სწავლას“


სოფელ თაქალოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა სენან გურბანოვმა ერთიან ეროვნულ გამოცდებში 67 ქულა მიიღო და გრანტი მოიპოვა. მან ორი დღის წინ შეიტყო რომ უნივერსიტეტში უფასოდ ისწავლის.

„უაფსოზე მოხვედრა სასიხარულოა. ეს ძალიან მაბედნიერებს. მე თსუ მქონდა აღნიშნული. მჯეროდა რომ უფრო მეტ ქულას შევაგროვებდი, მაგრამ ეს შედეგიც არაა ცუდი. მაღალი ქულის შეგროვება მახარებს. მე მათემატიკა მიყვარს. ამ სფეროში მინდა სწავლის გაგრძელება“

აღსანიშნავია, რომ ეს იმ მოსწავლეების მონაცემებია, რომელიც რადიო მარნეულისთვისაა ცნობილი.

2010 წლიდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აქვთ საშუალება უმაღლესი განათლება მიიღონ საქართველოში გამარტივებული წესით. გამარტივებული სისტემა, ე.წ. 1+4 პროგრამა ითვალისწინებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას სომხურ აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ ენებზე და სათანადო ქულების დაგროვების შემთხვევაში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. ახალგაზრდები 1 წლის განმავლოვაში გადიან ქართულ ენაში მომზადების კურსს და შემდგომ 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში აგრძელებენ სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google