სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო მოსახლეობის უმრავლესობის ევროპულ არჩევანს მხარს უჭერს - განცხადება
სრულიად საქართველოს მისლიმთა სამმართველო ბოლო დღეებში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სამმართველო, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ევროპულ არჩევანს, ევროპული ოჯახის წევრობას და თავისუფალ სამყაროს ნაწილად ყოფნას მხარს უჭერს.

„სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ევროპულ არჩევანს, ევროპული ოჯახის წევრობას და თავისუფალ სამყაროს ნაწილად ყოფნას მხარს უჭერდა, უჭერს და მომავალშიც ამ არჩევანის, ღირებულებების ერთგული იქნება. საქართველოს ევროპული მისწრაფება გამყარებულია კონსტიტუციით. ჩვენი ქვეყანა ისტორიულად და დღესაც იყო და არის მრავალფეროფანი, რაც ჩვენი ეროვნული და კულტურული სიმდიდრეა. ჩვენ ყველანი ერთად ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც თითოეული მოქალაქის უფლება იქნება დაცული. დაე სულ მალე გვეცხოვროს ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! აამიინ!“

ქართული ოცნებისაგან გამოყოფილი დეპუტატების ჯგუფმა „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ, რომლის მიხედვითაც ყველა მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტიც უცხოური ორგანიზაციებიდან ფინანსდება „უცხოური გავლენის აგენტად“ ჩაითვლება. მსგავსი კანონი რუსეთმა 2012 წელს მიიღო რამაც ფაქტობრივად გააქრო თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი. საქართველოში მომუშავე დამოუკიდებელი მედიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალი კანონპროექტის მიზანი, რუსეთის მსგავსად, საქართველოშიც დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გაქრობაა.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google