უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის, ალექსანდრ კუბრაკოვის
განცხადებით, შავი ზღვის პორტების საშუალებით მარცვლეულის ექსპორტის
ინიციატივა 120 დღით გახანგრძლივდება.
მინისტრმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ შეთანხმება მიღწეულია გაერო-ს
გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ
ზელენსკის შორის.
„პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო
გუტერეშთან, თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და
თურქეთის თავდაცვის მინისტრთან, ჰულუსი აკართან ერთად, კიდევ ერთი
მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სასურსათო კრიზისთან გლობალურ
ბრძოლაში“, - აცხადებს უკრაინის ინფრასტრუქტურის
მინისტრი.
მისი თქმით, უკრაინამ ოფიციალურად მიმართა ივლისში შეთანხმებული
ინიციატივის გაგრძელების თაობაზე.
„ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ პარტნიორებს ინიციატივის 1 წლით
გახანგრძლივების და მასში მიკოლაივის პორტის ჩართვის
წინადადებით“, - წერს ალექსანდრ კუბრაკოვი.