6 ივლისს, ღამით რუსულმა ძალებმა დაბომბეს ქალაქი ლვოვი, რის
შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე ოთხი და დაშავდა ცხრა ადამიანი,
აცხადებენ უკრაინის შსს-სა და ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციაში.
უკრაინის პრეზიდენტმა დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
დარტყმის შედეგად, ქალაქში დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსი, ხოლო
ორ სადარბაზოში დაინგრა მესამე და მეოთხე სართულები.
„[ადგილობრივი დროით] 7:00-სთვის დაიღუპა ოთხი ადამიანი,
დაშავდა ცხრა. სამაშველო სამსახურების თანამშრომლებმა გადაარჩინეს
შვიდი ადამიანი, ევაკუირებულია 64 ადამიანი“, –
ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ამასთან ერთად, უკრაინული მხარე აღნიშნავს, რომ ნანგრევების ქვეშ
შეიძლება ადამიანები იყვნენ, რის გამოც მაშველები მუშაობას
აგრძელებენ.