,,ცხოვრება სტერეოტიპებში - თანასწორობისთვის“ - მარიამ გვიდიანი
მაღვიძარამ დარეკა. 7 საათს ახლახანს გადაცდა. სახლში ყავის სურნელი დგას. ქარის ზუზუნს თითქოს წვიმის წვეთები პასუხობენ

უკვე დეკემბერია. იქნებ არ ჩავიცვა თბილად, ბევრი ტანსაცმელი მაწუხებს, თავისუფლებას მართმევს. სარკეში ვიხედები, თვალები ისევ ამღვრეული მაქვს. წუხელ ხომ ისევ არ მეძინა. ან იქნებ სევდიანია. ვარ კი თავისუფალი?

გიულარი გამახსენდა. როდესაც დახმარება მთხოვა, ვიფიქრე, ასეთ ძლიერ ქალს რითი უნდა დავეხმარო? მიწაზე მყარად დგას ცხოვრებას დაუღალავად ებრძვის. გიულარს 16 წლის შვილი ჰყავს თვალებ ბრიალა, გრძელ თმიანი, ღიმილიანი გოგო.

ჩემ შვილს მასზე ბევრად უფროსი კაცი დასდევს, სიყვარულს უხსნის აწუხებს. სკოლაში ვერ გამიშვია, მეშინია არ მომტაცონ! მინდა რომ ისწავლოს სკოლა დაამთავროს და უნივერსიტეტში ჩააბაროს!

სამსახურში მივიჩქარი, ყავის დალევა ვერც დღეს მოვასწარი. გზაში ვფიქროდი იმ ქალებზე, რომლებმაც გაბედეს და ხმამაღლა განაცხადეს, რომ სქესი არ არის უპირატესობა და -- მათზეც ვინც ამას ჯერ მხოლოდ ჩურჩულით ამბობს.

ნეტა დღევანდელი დღე თუ ჩაივლის ისე, რომ ქმრისგან ან ყოფილი ქმრისგან მოკლული ან დასახიჩრებული ქალი არ იპოვონ. ანდა ძალადობისგან დაღლილი ქალის ქმარი, ძმა, მამა ხომ არ დამხვდება ისევ სადმე და სასტიკ დანაშაულში -- ქალების დაცვაში დამადანაშაულებს.

სამსახურის კიბეები ღიღინით ავირბინე სულ 42 კიბეა ყოველ დღე ვითვლი, თითქოს შეიცვლება. კარებთან ნინო დამხვდა. შეშინებულია.
- რა მოხდა ნინო, კარგად ხარ?
- დღეს ისევ მანქანით გამომეკიდა. თან ცდილობდა ავარიაში მოვყოლილიყავი. ძლივს მოვახერხე ბანკთან გაჩერება. ხომ იცი ორსულად ვარ. ბანკის თანამშრომელი გამომივარდა, საყვედურებით ამავსო --- გადააყენე მანქანა აქ დირექტორის ადგილიაო. არ ვიცოდი რა მექნა და შენთან გამოვიქეცი.

ტელეფონი არ ჩერდება, ჩემი გოგოები იწერებიან. ამჯერად სამხიარულო ამბავია --- ჯვრისწერა და ნათლობა ერთად. მე კი ხუთშაბათი დატვირთული დღე მაქვს, თანაც ბავშვები ბაღიდან მყავს წამოსაყვანი. ბაღი მხოლოდ 6 საათამდეა.

უკვე საღამოა. შევიკრიბეთ სახლში მე, დათო და ბავშვები. ოჯახური იდილია გვაქვს. ძალიან დაღლილი ვარ, მიჭირს ფეხზე დგომა, მაგრამ ოჯახს ვახშამი ჭირდება. ვამზადებ. სუფრას მოვუსხედით. ტელეფონი ისევ რეკავს.

- მარი იმდენი მოგწერე, ნახე ჩქარა!
სასწრაფოდ შევვარდი „მესენჯერში“.
„მარი, ჩემი მეგობრის შვილს მიმოწერების გამოქვეყნებით ემუქრება ყოფილი შეყვარებული. ეს ნაგავი, გესმის? თან ეუბნება თუ ვინმეს ეტყვი მოგკლავო. პოლიციაში ვაპირედით დარეკვას, მაგრამ ამ სულელმა ნიამ თავი გაიგიჟა. შენ გელოდება, შენთან ლაპარაკი უნდა. გთხოვ, ახლავე გამოდი. მოკვდა ბავშვი ტირილით. გელოდებით.“

კარგია, რომ ვახშმის მომზადება მოვასწარი. აღარ დამრჩება ოჯახი მშიერი.
დედა ისევ დაგაგვიანდება? – 4 წლის გოგო ჩემს პასუხს ელოდება, მის თვალებში იმხელა მოლოდნია!
არა დღეს მალე მოვალ - ვპასუხობ მე. ვაკოცე და კარები გავიხურე!

მას ხშირად გავუმეორებ - ,,შენი სხეული შენი საკუთრებაა“ ,,შენ ამ სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილი ხარ“ ,,შენ ხარ მზე“
დღეს გაჩუმების დრო აღარ არის! დღეს ქალები ჩვენი უფლებებისთვის ვიბრძვით და იმედიანად ვუყურებთ მომავალს! 

ავტორი-სახალხო დამცველის გენდერის რეგიონული წარმომადგენელი ქვემო ქართლში - მარიამ გვიდიანი


სტატიაში მოყვანილი ისტორიები და სახელები გამოგონილია!

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები