თემურ აბაზოვმა გვირგვინით ალგეთის 9 აპრილისა და 20 იანვრის მემორიალიც შეამკო
9 აპრილს თბილისში განვითარებული სისხლიანი მოვლენებიდან 29 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქცია საბჭოთა არმიამ დაარბია. აქციის დარბევის შედეგად 21 დემონსტრანტი დაიღუპა ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მარნეულის მერიის წარმომადგენლებმა და მაჟორიტარმა დეპუტატებმა მუნიციპალიტეტში არსებული 9 აპრილის მემორიალები გვირგვინით შეამკეს. მარნეულის მერის თემურ აბაზოვის თქმით, დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნისათვის თავგანწირვის მაგალითია.
„დღევანდელი დღე არის თავგანწირვის მაგალითი ჩვენი ქვეყნისთვის და ის გმირები რომ არა ჩვენს ქვეყანას დღეს სხვანაირი ისტორია ექნებოდა.“ - თემურ აბაზოვი
სოფელ თამარისში, წერეთელსა და ალგეთში 9 აპრილის მემორიალები მერთან ერთად მაჟორიტარმა დეპუტატებმაც მოინახულეს. პარლამენტარ თამაზ ნავერიანის თქმით 9 აპრილი საქართველოს უახლოეს ისტორიაში გარდამტეხი მომენტი იყო.
„9 აპრილი არის ჩვენი ქვეყნისთვის გარდამტეხი მომენტი, ისტორიული მომენტი ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვისა და თავისუფლებისთვის.“ - თამაზ ნავერიანი
აღსანიშნავია, რომ სოფელ წერეთელსა და თამარისისაგან განსხვავებით, სოფელ ალგეთში 9 აპრილისა და 20 იანვრის მემორიალები საერთოა.
საბჭოთა არმიამ ბაქოში მშვიდობიანი აქცია 20 იანვარს დაარბია, აქციის დარბევისას 130 ადამიანი დაიღუპა. ამ დღეს ასევე შავ შაბათად ან იანვრის ხოცვადაც მოიხსენიებენ.
რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები