მარნეულში არასასოფლო - სამეურნეო მიწის ნორმატიული ფასი გაიზარდა
დღეს, 20 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდო გაიმართა. სხდომაზე განსახილველად ხუთი საკითხი იყო გამოტანილი . პირველი საკითხი მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ნუსხის დამტკიცებას შეეხებოდა რაზეც საკრებულოს აპარატის უფროსი ნინო ბერიძე გვესაუბრა.
„ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ნუსხის დამტკიცება, შემდეგ დამტკცებული ნუსხის შესაბამისად მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ხელშეკრულებას გააფორმებს დამოუკიდებელ აუდიტთან რომელიც შეისწავლის თითოეული გასაყიდი ქონების საბალანსო ღიებულებას, რა თანხით უნდა გაიყიდოს, რა იქნება საწყისი საპრივატიზაციო ფასი, რამდენი იქნება გადასახდელი ბიჯი და რა ვადებში უნდა დაიფაროს.“ - ნინო ბერიძე
საკრებულოს აპარატის უფროსმა ასევე აღნიშნა, რომ საკრებულოს შემდეგ სხდომაზე დასამტკიცებლად გაწერილი საპრივატიზაციო ნუსხა შევა, რის შემდეგაც ქონება აუქციონზე გავა გასაყიდად. პირვალ საკითხზე ასევე მიბმული იყო მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული ბანერების აუქციონის წესით გასხვისების საკითხი.
„დღესვე გარე რეკლამის ბანერების ჩამონათვალთან ერთად შევიდა ცვლილება არსებულ წესში, რომელიც საკრებულოს ჰქონდა დამტკიცებული და თუკი აქამდე ყველა ბანერის ფასები იყო დადგენილი, ცენტრალურ ზონაში თუ პერიფერიაში, ახლა მოხდება ისე, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თითოეულ ბანერზე, თითოეულ სარეკლამო ადგილზე მოხდება აუდიტის მიერ შემოწმება და საწყისი საპრივატიზაციო ფასის განსაზღვრა.“
საკრებულოს სხომაზე განსახილველი მეორე საკითხი შეეხებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრას. ნინო ბერიძე საკრებულოს ამ გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტში საბაზრო ეკონომიკის ცვლილებას უკავშირებს.
„უკვე რამდენიმე წელია მუნიციპალიტეტში ერთი და იგივე ფასია, მიუხედავად იმისა რომ საბაზრო ეკონომიკა იცვლება და ფასები იზრდება, სწორედ ამიტომ მოხდა არასასოფლო - სამეურნეო მიწების ფასის განსაზღვრა. ფასმა აიწია და შედარებისათვის გეტყვით, რომ თუკი იყო 26 ლარამდე ცენტრალურ ზონაში დღეს უკვე ამავე ზონისათვის 45 ლარი დამტკიცდა“ - ნინო ბერიძე
საკრებულოს სხდომაზე განსახილველად ასევე გამოტანილი იყო თამარისის ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრები მარიამ ქალდანის განცხადება, რომელიც გამონაკლისის სახით ითხოვს თვალის ოპერაციის დაფინანსებას.
მეხუთე განსახილველი საკითხი შეეხებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და მერიის თანამდებობის პირთა და მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 02 მარტის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანას, რომლის მიხედვითაც სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურული სამსახურის სტრუქტურული განყოფილებების დასახელებები შეცდომით იყო მითითებული.
მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომაზე გამოტანილ ხუთივე საკითხს დაუჭირა მხარი.
სხდომას საპატიო მიზეზების გამო საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე ვერ ესწრებოდა.
რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები