"სარდაფში ვირთხები ჯარისკაცებივით დადიან" - რუსთაველის N33 კორპუსის მკვიდრი
რუსთაველის N33 კორპუსის ეზოში შესვლისთანავე სარდაფებიდან ამოსულ არასასიამოვნო სუნს იგრძნობთ. კორპუსთან მისულებს, სადარბაზოს შესასვლელში მკვდარი ვირთხა დაგვხვდა, ვირთხა სარდაფის ერთ-ერთი მკვიდრი იყო. როგორც კორპუსში მცხოვრებლები გვეუბნებიან ვირთხებს უკვე მიეჩივნენ კიდეც.
„ეს ვირთხა კიდევ პატარაა, ძალიან დიდები არიან ხოლმე. ერთხელ ვფიქრობდი რომ კატა იყო სარდაფთან, მერე დავაკვირდი და თურმე დიდი ვირთხა ყოფილა.“
„მარტო იმხელა კოღოები არიან და ისეთი სიტვაციაა, რომ სარდაფში უკვე ჭაობი გაჩნდა. ვირთხები კიდევ ჯარისკაცებივით დადიან.“
„პრობლემა ისაა, რომ თაგვები ჩვენ ყოველთვის გვყავს, ასე ვთქვათ მდიდარი თაგვები.“

წვიმის წყალი სარდაფში ჩადის და გუბდება, ამის გამო კი კორპუსში ანტისანიტარია ჩნდება. როგორც მოსახლეობა ამბობს, გაურკვეველი წარმომავლობის ხალხი, საწამლი აპარატებით ხელში, ყოველთვიურად დადიან კორპუსში და იქ მცხოვრებ ხალხს ფულს ართმევენ, ამბობენ რომ სარდაფებს წამლიან, მაგრამ სარდაფების მდგომარეობა კვლავ უცვლელი რჩება.

სარდაფების გარდა რუსთაველის N33-ის მაცხოვრებლებს სხვა პრობლემებიც აწუხებთ, ქალაქში ძველი კანალიზაციის მილების გამო ეზოსა და სარდაფებში კანალიზაციის წყალი ჩადის და თითქმის მთელი წლის განმავლობაში საშინელი სუნი დგას.
„უკვე ძალიან დიდი ხანია რაც საკანალიზაციო მილები დაძველდა და უნდა იწმინდებოდეს ცენტრალური, იმიტომ რომ ხშირად არ წმინდავენ, ან საერთოდ უნდა შეცვალონ. კორპუსიდან გამოსული საკანალიზაციო მილები ცენტრალურს უერთდება და როდესაც ის გაჭედილია ჩვენი სარდაფები საკანალიზაციო წყლებით ივსება“ - ნანა ჩუბინიძე
კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე ნანა ჩუბინიძეს უკვე რამდენიმე განცხადება აქვს მერიაში შეტანილი. როგორც თავად გვეუბნება, თბილისიდან ექსპერტების მოწვევას და კორპუსის მდგომარეობის შეფასებას ითხოვს.
„სარდაფში უკვე ფუნდამენტი იშლება და თუ ფუნდამენტი ჩამოიშალა ეგ კორპუსი სულ მალე მოგვჭამს ჭირს, იმიტომ რომ საერთოდ დაინგრევა და 60 ოჯახი ისე დავრჩებით“ - ნანა ჩუბინიძე
ნანა ჩუბინიძე ასევე ამბობს, რომ ყველა საკითხის მოგვარებას მხოლოდ მერიას არ ავალებენ, მათ უბრალოდ სურთ რომ მუნიციპალიტეტმა ექსპერტების დახმარებით შეაფასონ კორპუსის მდგომარეობა, მოსახლეობა კი მზადაა თავადაც ჩაერთონ პრობლემის მოგვარებაში.
N33-ე კორპუსის ეზოში ასევე არაა გარე განათება, ცუდ მდგომარეობაშია სასმელი წყლის მილები, ეზოში გაზრდილი ჭადრის ხე კი ელექტო-ენერგიის ხაზებს უქმნის საფრთხეს.
კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტიდან წერილით მიმართვა თხოვეს, წერილებიც რამდენჯერმე შეიტანა მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა.
რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები