მარნეულელი 20 წლის ქანან ალიევის გარდაცვალების მიზეზი ოჯახისთვის უცნობია
20 წლის ქანან ალიევის ოჯახის წევრები, ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების მიზეზების დადგენას ითხოვენ. ისინი ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან. ალიევის ცხედარი, სამხარაულის სახელობის ბიუროდან უკვე მარნეულში, სახლშია გადასვენებული. ამის შესახებ ინფრომაციას რუსთავი2 ავრცელებს.

ტელევიზიასთან საუბრისას, ალიევები უახლოეს პერიოდში ადვოკატის აყვანას და საქმისთვის სამართლებრივი მსვლელობის მიცემას აპირებენ.

მარნეულში მცხოვრები ალიევი ადგილობრივ საავადმყფოში ცხვირიდან ძლიერი სისხლდენით რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს, მოგვიანებით ის თბილისში, პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. ოჯახის წევრების მტკიცებით, ექიმები ვითარებას ჯანმრთელობისთვის საშიშად არ მიიჩნევდნენ, თუმცა კლინიკაში მისულებს გუშინ ის გარდაცვლილი დახვდათ.

„როდესაც ავადმყოფი კლინიკაში ხვდება და არ ხდება მისთვის დახმარების აღმოჩენა და რეალური დიაგნოზის დასმა, ეს უსამართლობაა. ეს სისტემა უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი ფაქტები არაერთხელ განმეორდება. ჩვენ ველოდებით ექსპერტიზის შედეგებს, რის შემდეგაც სასამართლოს მივმართავთ. თუკი ქანან ალიევის გარდაცვალება ექიმების დაუდევრობის შედეგად მოხდა, ისინი აუცილებლად უნდა დაისაჯონ,“-აცხადებს ქანან ალიევის დეიდა ესმერალდა ვასილევა.
Print