ხე რომლის ქვეშაც მოსახლეობა მარშუტკებს ელოდებოდა მოჭრეს, მერია კი გაჩერების მოწყობას არ აპირებს
ოთხი წელია რაც სკოლა დაამთავრა და უნივერსიტეტში სწავლობს. თითქმის ყოველდღიურად, თავისი სახლიდან მარნეულში საქმეებზე ან თბილისში, უნივერსიტეტში მიდის. სოფლიდან დაახლოებით კილომეტრ ნახევრის გავლა უწევს, რათა გაჩერებამდე მივიდეს. წითელ სოფელში მარშუტკები არ დადიან.
„არა ჩემს სოფელში არ დადის, მაგრამ გვერდით სოფელში ჩადის მარშუტკა. ჩვენ გვინდოდა რომ ერთ მარშუტკას ჩვენს სოფელშიც ევლო, მარადისის გავლით, მაგრამ რა ვიცი, არანაირი რეაგირება არ ყოფილა.“ - არამ აკოფიანი
კილომეტრ ნახევრის გავლის შემდგომ კი მზეში, ქარში თუ წვიმაში ღია ცის ქვეშ ელოდება რაიონის ცენტრისაკენ მიმავალ მარშუტკებს. იხსენებს, რომ რამდენიმე თვის წინ კიდევ კარგი მდგომარეობა იყო, რადგან შაუმიანი-ყულარის გზაჯვარედინზე, სადაც არამი ყოველდღიურად ელოდება მარშუტკას, ერთი დიდი ხე იდგა და ყველა მგზავრი ამ ხის ქვეშ აფარებდა თავს აუტანელ სიცხესა თუ ძლიერ წვიმას, მაგრამ რამდენიმე თვის წინ ის ერთადერთი ხეც მოჭრეს.
„იმ ხის ჩრდილში ვიყავით ხოლმე, აბა სხვა აქ არაფერი არ არის, არც ჩრდილი და არც რაიმე გადაფარებული ადგილი რომ იქ დავდგეთ და ამის გამო სულ უდაბნოში ვდგავართ.“ - არამ აკოფიანი
არამ აკოფინს შაუმიანის, ყულარის, შულავრის და წითელი სოფლის მოსახლეობისათვის შაუმიანი-ყულარის გზაჯვარედინზე გაჩერებების მოწყობა სურს.
„აქ საჭიროა გაჩერების აშენება, რათა გვქონდეს შანსი, რომ დავდგეთ გაჩერებასთან და არა იქ სადაც მოგვინდება.“ -არამ აკოფიანი
როგორც მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, შაუმიანი-ყულარის გზაჯვარედინზე გაჩერებების მოწყობა 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული არ არის, რის გამოც არამს და ოთხი სოფლის მოსახლეობას კიდევ ერთ წელი მაინც მოუწევთ სიცხეში, ქარში თუ წვიმაში ღია ცის ქვეშ ლოდინი.
რადიო „მარნეული“

Print