სარწყავი წყლის საფასური 20 ლარით გაიზარდა
შპს „მარნეულის სოფწყალის“ სასოფლო სამეურნეო მიწების სარწყავი წყლის საფასური მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 ივნისის სხდომაზე განისაზღვრა.

სოფელ მეორე ქესალოს მიმდებარე ტერიტორიის 400 ჰექტარს „მარნეულის სოფწყალი“ სატუმბო სადგურის მეშვეობით მდინარე მტკვრიდან ამოტუმბულ წყალს აწვდის.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლების მსგავსად, მეორე ქესალოს მოსახლეობაც ძირითადად სოფლის მეურნეობითაა დაკავებული, ამ პერიოდში კი აქტიურად იწყება სასოფლო-სამეურნეო მიწების მორწყვა.

8 ივნისის საკრებულოს სხდომაზე 1 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე სარწყავი წყლის საფასური 140 ლარით განისაზღვრა.
შარშანდელთან შედარებით სარწყავი წყლის თვითღირებულება 20 ლარითაა გაზრდილი. მარნეულის მერიის წარმომადგენელმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ დაანგარიშების შედეგად 20 ლარის მატება სხვადასხვა ფაქტორებმა გამოიწვია. მისი თქმით სატუმბო სადგურზე დგას 315 კილოვატიანი ძრავი, რომელიც საათში დაახლოებით 104 ლარის ელექტრო-ენერგიას წვავს, ხოლო სხვა ხარჯები, რომლებიც ჯამში 140 ლარს შეადგენენ სხვადასხვა დამხმარე აგრეგატების რემონტითა და ხელფასებით არის გამოწვეული.

რადიო „მარნეული“

Print