რაიან სმიტის 4 წლის შვილის ცხედარი დამარხული იპოვეს
მთიულეთში, ხადის ხეობაში 4 წლის ბავშვის ცხედარიც იპოვეს. ცხედარი კვალის დაფარვის მიზნით დამარხული იყო. როგორც ადგილობრივებმა „მთის ამბებს“ განუცხადეს, ცხედრის ადგილსამყოფელი პოლიციას მკვლელობაში ბრალდებულმა მწყემსმა მიუთითა. 19 წლის მწყემსი, გვარად კ-რი, რომელიც ადგილობრივი არ არის, დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.


წყარო: reginfo.ge

ამერიკის მოქალაქეები, რაიან და ლორა სმიტები, რომელთა ცხედრებიც მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში იპოვეს, შესაძლოა, მოკლულები იყვნენ. მათი 4 წლის შვილს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

როგორც ხადას ხეობის მცხოვრებლებმა „მთის ამბებს“ უთხრეს, მამაკაცის ცხედარს, რომელიც მაშველებმა ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს, არაფერი ეცვა და დაზიანებები აღენიშნებოდა.

„მთის ამბების“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ამერიკის მოქალაქეები, რომლებიც სოფელ წკერესთან ახლოს, კარავში იყვნენ დაბანაკებული, ჩანჩქერთან, მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე 19 წლის მწყემსმა მიაცილა, რომელიც ხადას ხეობის მცხოვრები არ არის.

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შესაძლოა ქალის მიმართ ძალადობა გამხდარიყო, რასაც მისი ქმარი შეეწინააღმდეგა.

დაზუსტებული ინფორმაციით, პოლიციას მწყემსი დაკითხვაზე ჰყავს გადაყვანილი.

„მთის ამბები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა იმის დასაზუსტებლად, აღენიშნება თუ არა რაიან სმიტის ცხედარს დაზიანებები, რადგან გუშინ გავრცელებულ განცხადებაში შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავდა, რომ პირველადი დათვალიერებით, არცერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. შსს-ში კომენტარი არ გააკეთეს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები