საჯარო ინფორმაციის პასუხად მერიამ მოქალაქე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გადაამისამართა
„დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდს“. სწორედ ეს პასუხი მიუვიდა რამალ ახმედოვს მარნეულის მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად.

რამალმა მარნეულის მერიას ოფიცილაური განცხადებით 10 ივლისს მიმართა. წერილში მოქალაქე ითხოვდა ინფორმაციის მიწოდებას ქალაქ მარნეულში, შარიფოვის ქუჩაზე მდებარე, საფეხბურთო მოედანთან დაკავშირებით. კერძოდ კი ვინ შეასრულა სტადიონის სარემონტო სამუშაოები და რამდენი თანხა დაიხარჯა პროექტის განსახორციელებლად.

16 ივლისს რამალს მერიიდან პასუხი მიუვიდა, სადაც წერია რომ მოქალაქემ ბაქოსა და შარიფოვის ქუჩაზე არსებული სტადიონის შემოღობვის სამუშაოებზე დეტალური ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდიდან უნდა მიიღოს.
როგორც რამალ შარიფოვი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, ამ შემთხვევაში, როდესაც მის კითხვაზე მერიას პასუხი არ გაუცია და მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე შესვლას ურჩევს, მათ შეეძლოთ, რომ წერილზე აღნიშნული ვებგვერდის ბმული მაინც მიეთითებიათ.

როგორც მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ ჩვენთან საუბრისას თქვა, აღნიშნულ სტადიონთან მიმართებაში ყველა სახის დოკუმენტი სწორედ სახელმწიფო შესყიდვების სააენტოს ვებგვერდზეა ატვირთული და მათაც ამ საიტიდან უნდა აეღოთ ინფორმაცია, რათა მოქალაქისათვის მიეწოდებინათ. მერიის შესაბამისმა სამსახურა კი საჯარო ინფრომაციაზე პასუხი ასეთი ფორმაით სწორედ ამ მიზეზით ჩამოაყალიბა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება არ ათავისუფლებს საჯარო დაწესებულებას იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში მისი დადგენილი წესით გაცემის ვალდებულებისგან.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები