სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი საქმეს ჩამოშორდა

სმიტების მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატი დავით გირგვლიანი საქმეს ჩამოშორდა. ამის შესახებ ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

“საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი გავაკეთო შემდეგი განცხადება! ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მე ვიცავდი ბრალდებულ მალხაზი კობაურის ინტერესებს. ამ საქმეში ჩავერთე იმიტომ,რომ დამედგინა ჭეშმარიტება, ვინაიდან არასოდეს მოვრიდებივარ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას, მუდამ ვიბრძოდი და კვლავაც გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისათვის, თუმცა რაც შეეხება ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედიის საქმეს მე, როგორც თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელი ადვოკატი მივიჩნევ, რომ აღნიშნული საქმე უნდა გაგრძელდეს ჩემი მონაწილეობის გარეშე.

წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგას ან/და კოლეგებს ვინც გააგრძელებს მის დაცვას, ვინაიდან ყველა ადამიანს აქვს დაცვის უფლება მიუხედავად ბრალად წარდგენილი დანაშაულის სიმძიმისა, თუმცა მე მივიჩნევ , რომ აღნიშნული პროცესი უნდა გაგრძელდეს ჩემს გარეშე! ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო როგორც თბილი სიტყვებისათვის, ასევე კრიტიკული ოპონირებისათვის. მე აღარ ვაგრძელებ აღნიშნული საქმის წარმოებას,თუმცა ვრჩები ჩემი ჩემი პროფესიის და სიმართლის ერთგული! სხვა რაიმე კომენტარს აღნიშნულ საქმეზე აღარ გავაკეთებ”, – ნათქვამია ადვოკატის განცხადებაში.

ადვოკატის ამ განცხადებას წინ უსწრებდა ტელეკომპანიების, რ2-ისა და იმედის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მათ მოიპოვეს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა. ტელეკომპანიების ცნობით, ამ დოკუმენტის მხედვით ხადას ხეობაში მოკლული ლორა სმითის სხეულიდან ამოღებულია ბრალდებული მალხაზ კობაურის გენეტიკური პროფილი, რომელიც სავარაუდოდ სექსუალური ხასიათის ქმედებაზე მიანიშნებს. როგორც ცნობილია, გამოძიება ლორა სმიტის გაუპატიურების ვერსიაზეც მუშაობს.

მალხაზ კობაური ბრალს არ აღიარებს.

დავით გირგვლიანამდე კობაურის ინტერესებს სახაზინო ადვოკატები იცავდნენ.

წყარო: ნეტგაზეთი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები