თემურ აბაზოვის ადვოკატები ყოფილ მერსა და გარკვეულ ჯგუფებს შორის დაპირისპირებაზე საუბრობენ
თემურ აბაზოვის ადვოკატები მთავარ პროკურორ, შალვა თოდუმაძეს თხოვნით მიმართავენ, რომ აბაზოვის საქმის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანოს.

ამის შესახებ განცხადება აბაზოვის ადვოკატებმა, გაგი მოსიაშვილმა და მერაბ ჩიქოვანმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს. ადვოკატები ასევე განმარტავენ, რომ თემურ აბაზოვი უდანაშაულოა და მის მიმართ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, საქმის ობიექტური გამოიების შემდეგ კი იმედოვნებენ, რომ აბაზოვი მარნეულის მერის თანამდებობას დაუბრუნდება.

მერაბ ჩიქოვანის განცხადებთ, მათ აქვთ ეჭვი, რომ ელჩინ ალახვერდიევი, რომელიც აბაზოვის საქმეში დაზარალებულის სტატუსით ფიგურირებს, ვიღაცაზე მუშაობდა, თუმცა რა მიზნით, მათთვის უცნობია.

„შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის გარკვეული ჯგუფების დავალებებს ასრულებდა. დაცვის მხარე მუშაობს იმისთვის, რომ ეს ჯგუფი გამოავლინოს. მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში კი ამის შესახებ საზოგადოებას სრულყოფილ ინფორმაციას მივაწვდით", - განაცხადა ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა.

თემურ აბაზოვის კიდევ ერთი ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ამბობს, რომ დაცვის მხარეს შიში აქვს, რომ პროკურატურის მიერ განზრახ არ მოხდეს აბაზოვისთვის ბრალის დამძიმება. ვინაიდან მათ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს, რათა სასამართლო პროცესი, რომელიც 6 აგვისტოს უნდა გამართულიყო, გადაიდოს. ამის მიზეზად კი მტკიცებულებების მოპოვება დაასახელეს.

გაგი მოსიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ დაცვის მხარემ ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები, რომლითაც დადგინდა, რომ თემურ აბაზოვი მარნეულის რაიონში კორუფციასა და ნეპოტიზმს ებრძოდა, რის გამოც მას გარკვეული პირები უპირისპირდებოდნენ. მისი თქმით, აბაზოვთან დაპირისპირებული პირები არიან ისინი, რომლებსაც თავიანთი ძალების გაძლიერება სურდათ მარნეულში. ადვოკატის თქმით, აბაზოვის დაკავებას წინ ფიზიკური დაპირისპირებაც უძღოდა.

"ორი თვის განმავლობაში საგამოძიებო ორგანომ ვერ უზრუნველყო წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით მტკიცებულების მოპოვება. პროცესის მწარმოებელმა ორგანომ ამ ორი თვის განმავლობაში ვერ დაადასტურა თემურ აბაზოვის მიმართ რაიმე დასაბუთებული არგუმენტაცია, თუნდაც მოწმეთა ჩვენებებით, რომ რასაც ედავებიან აბაზოვს, ეს შესაძლოა მის მიერ იყოს ჩადენილი. ამიტომ, დაცვის მხარეს გარკვეულწილად შიშიც გაგვიჩნდა, რომ არ მოხდეს საგამოძიებო ორგანოების მხრიდან არასწორი ან ე.წ. ცრუ მოწმეების კვალზე აბაზოვისთვის ბრალის დამძიმება.

ჩვენ დავინტერესდით ასევე იმით, მერობის პერიოდში რით იყო აბაზოვი დაკავებული, მერობის დროს მასთან კონფლიქტში ხომ არ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც მისი მერობა არ მოსწონდათ. აღმოჩნდა, რომ მას შემდეგ რაც აბაზოვი მერი გახდა, ბრძოლა გამოუცხადა კორუფციას და ნეპოტიზმს. ეს არის გამოკითხვაში დაფიქსირებული ადამიანების პოზიცია. ამ ადამიანების ინფორმაციით, კანონის ფარგლებში ხდებოდა ყველა გადაწყვეტილების მიღება მერის მხრიდან. ამ სიტუაციაში შესაძლოა, ძალიან ბევრი დაპირისპირება ყოფილიყო მერთან. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მასთან დაპირისპირებაში იმყოფებოდნენ სხვადასხვა ჯგუფები, ისინი, ვისაც მარნეულში თავიანთი ძალების მობილიზება სურდა. ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციით დადგინდა, რომ ამ პროვოკაციამდე რამდენიმე ხნით ადრე, აბაზოვის მიმართ განხორციელდა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამ მიმართულებითაც ვაგრძლებთ მუშაობას. დაცვის მხარე იკვლევს ვისთან და რატომ მოხდა ეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩვენ არ გამოვრივხავთ, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა, რომელიც წინ უძღოდა ამ სიტუაციას, გარკვეულწილად კავშირში იყოს აბაზოვთან მომხდარ პროვოკაციასთან“,
- განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

Print