თემურ აბაზოვის ადვოკატების მიერ დასახელებულ "გარკვეულ ჯგუფებში" სავარაუდოდ, თამაზ ნავერიანი მოისაზრება
თემურ აბაზოვის ადვოკატებმა დღეს, 23 ივლისს გააკეთეს განცხადება, რომ აბაზოვსა და გარკვეულ ჯგუფებს შორის დაპირისპირება მარნეულის ყოფილი მერის დაკავებამდეც იყო. ადვოკატები ასევე აბაზოვის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზეც საუბრობენ.

რადიო „მარნეულს“ მერიაში მომუშავე სანდო წყარომ რამდენიმე თვის წინ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ფიზიკური დაპირისპირება თემურ აბაზოვსა და პარლამენტარ თამაზ ნავერიანს შორის მოხდა.

ნაციონალური მოძრაობის წევრი და პარლამენტარი აზერ სულეიმანოვი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ნავერიანსა და აბაზოვს შორის დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია მასაც აქვს, მაგრამ დეტალები არ იცის.

„მარნეულში ყველა ლაპარაკობს ამ თემაზე, რომ რამდენიმე თვის წინ გუბერნატორის კაბინეტში რაღაც მოხდა, ეხლა ვინ იყო ამ ოთახში, როგორ იყო, რა მოხდა, მარტო რამდენიმე კაცმა იცის. მე ნაციონალური მოძრაობის წევრი ვარ და არც გუბერნატორია ჩემი მეგობარი და არც აბაზოვი ამ თემაზე რომ დავლაპარაკებოდი, მაგრამ მარნეულში ყველა ლაპარაკობს, რომ აბაზოვსა და თამაზ ნავერიანს შორის დაპირისპირება იყო.“ - გვითხრა აზერ სულეიმანოვმა

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ ჩვენთან საუბრისას მის კაბინეტში აბაზოვსა და ნავერიანს შორის დაპირისპირების ფაქტი უარყო.

დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია მარნეულის საკრებულოს წევრსა და პარტია „ევროპული საქართვოლოს“ წარმომადგენელ ახმედ იმამკულიევსაც აქვს. ჩვენთან საუბრისას იმამკულიევი ამბობს, რომ ნავერიანსა და აბაზოვს შორის დაპირისპირება კადრების გადანაწილების გამო მოხდა. იმამკულიევის თქმით ამ ინფორმაციის წყარო თავად „ქართული ოცნების“ წევრები იყვნენ, რომლებიც ორ ჯგუფად არიან გაყოფილები. ერთი ჯგუფი რომელიც თამაზ ნაერიანს უჭერს მხარს საუბრობს იმაზე, რომ ნავერიანმა აბაზოვს საფერფლე ესროლა, ხოლო აბაზოვის მხარდამჭერები ამბობენ, რომ აბაზოვმა ნავერიანს საპასუხოდ წყლის ბოთლი ესროლა.

იმამკულიევი აღნიშნული აზრის გასამტკიცებლად იმ ფაქტსაც იშველიებს, რომ კომფლიქტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თემურ აბაზოვი და საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე მამუკა ნავერიანი ერთმანეთს აღარ ელაპარაკებოდნენ და ცდილობდნენ, რომ ერთიდაიგივე შეხვედრებს აღარ დასწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე მამუკა ნავერიანი პარლამენტარი თამაზ ნავერიანის ძმისშვილია.

თემურ აბაზოვთან დაპირისპირების ყველანაირ ფაქტს უარყოფს თამაზ ნავერიანი და ამბობს, რომ თუ აღნიშნული ინფორმაცია აზერ სულეიმანოვის გაჟღერებულია, მაშინ მან შესაბამისი წყაროც უნდა დაასახელოს და პარლამენტარმა „ხალხი ჭორიკნობს მარნეულში“ ასთი სახის განცხადებები არ უნდა გააკეთოს.

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავეს. მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება. აბაზოვის საქმეზე სასამართლო 6 აგვისტოს უნდა შემდგარიყო, მაგრამ ბრალდების მხარის შუამდგომლობით სავარაუდოდ სექტემბრამდე გადაიდება.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები