მოსახლეობისთვის წყლის ჩვეულ რეჟიმში მისაწოდებლად „სოფწყალი“ და „რუსთავწყალი“ მოკლევადიან ხელშეკრულებას გააფორმებს
მარნეულის „სოფწყალსა“ და „რუსთავწყალს“ შორის ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება.

როგორც მერის მოადგილე ლაშა ლობჟანიძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, ალგეთის მიმართულებით წყლის მიწოდებას „რუსთავწყალი“ ახორციელებდა და დაახლოებით 9-10 სოფელში დაგროვდა დავალიანება, რამაც წყლის მიწოდების შეწყვეტა გამოიწვია, თუმცა მოლაპარაკებების შემდეგ მოსახლეობას წყლის მიწოდება აღუდგათ, მაგრამ პრობლემა, პრობლემად რჩება. სწორედ ამ მიზნით შპს „სოფწყალმა" გადაწყვიტა, რომ იყიდოს სასმელი წყალი და შემდეგ კი მოსახლეობაზე გაყიდოს. ლობჟანიძის თქმით, მილი, რომლითაც წყლის მიწოდება ხდება დაზიანებულია.

„ეს არ არის გრძელვადიანი პერსპექტივისთვის განკუთვნილი ხელშეკრულება. ეს არის დროებითი, რომ მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემა და როგორც ჰქონდათ წყლის მიწოდების სერვისი ისევ ისე ჰქონდეთ. რაც შეეხება დავალიანებას, ამას სოფწყალი არ მოთხოვს მოსახლეობას და სამომავლოდ უნდა გაკეთდეს პროექტი, რომელიც გათვლილი იქნება ამ სოფლების სასმელი წყლის მომარაგებაზე“- თქვა ლობჟანიძემ

საკრებულოს სხდომაზე მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ დეპუტატებს უთხრა, რომ მოსახლეობას გადასცენ ინფორმაცია, რომ ხელშეკრულების გაფორმებით ერთ კვირაში სიტუაციის მოგვარება ვერ მოხერხდება და ყველაფერი ეს გრძელვადიან პროცედურებთანაა დაკავშირებული. ტაბატაძემ ასევე თქვა, რომ შეთანხმება აქვთ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, რათა წელს პროექტი შეისყიდონ მომავალი წლიდან კი წყალმომარაგების სისტემის შექმნა მოხდეს, რაც ალგეთის წყალმომარაგების პრობლემას სრულიად მოხსნის.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები