ხალხის მიერ დასახელებული N1 კანალიზაციის პრობლემა და 487 994 ლარად გამოცხადებული გზების ტენდერი
სოფელ თამარისში შიდა გზების რეაბილიტაციისათვის მარნეულის მერიას ტენდერი აქვს გამოცხადებული. ტენდერის მიხედვით თამარისში 7 შიდა გზაზე 2 344 მეტრის სიგრძის ასფალტი დაიგება. 487 994 ლარად შეფასებული ტენდერისათვის წინადადებების მიღება 16 აგვისტოს დაიწყება და 21 აგვისტომდე გასტანს.

როგორც თამარისელებმა ჩვენთან საუბრისას თქვეს, გზის პრობლემა მათ მართლაც აქვთ, მაგრამ N1 პრობლემა კანალიზაციის უქონლობაა. ხშირ შემთხვევაში მოსახლეობას ეზოებში თხრილები აქვთ გაკეთებული სადაც საკანალიზაციო წყალი ჩაედინება, რამოდენიმე თვეში ერთხელ კი ამ თხრილებს სპეციალური მანქანებით ასუფთავებენ. მოსახლეობის ნაწილს კი კანალიზაცია სარწყავი წყლის არხებზე აქვთ მიერთებული.

„კანალიზაციის პრობლემა მართლა არის, საერთოდ არ არის სოფელში კანალიზაცია. ელემენტარულად აი ჩვენ, აბანო არის, ბოდიში ამ სიტყვაზე და ტვალეტია, კუხნაა თუ რაღაცა, კალოდეცები გვაქვს ამოთხრილი და ყოველ მეორე თვეს გვჭირდება მანქანა რომ გამოვიძახოთ და ამოვტუმბოთ. ეს პრობლემა პირველია სოფელში“ - გვეუბნება ნანა მოხევიშვილი

„პრობლემა კანალიზაცია რომ არ არის, აბა რაა, იმ თავიდანვე არ ყოფილა ამ სოფელში კანალიზაცია“ - ამბობს კობა წიკლაური

როგორც მერიიდან მიღებულ წერილში ვკითხულობთ, წელს თამარისში საკანალიზაციო სისტემის მოწყობა დაგეგმილი არ არის.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები