აზად ქარიმოვის თქმით, იმამკულიევი პარტიაში გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა აზად ქარიმოვმა პარტია და ფრაქცია დატოვა.

7 აგვისტოს საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ევროპული საქართველო“ გაუქმდა. საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ფრაქციაში მინიმუმ სამი საკრებულოს წევრი მაინც უნდა იყოს გაერთიანებული, ხოლო აზად ქარიმოვის მიერ პარტიის დატოვების შემდგომ „ევროპული საქართველოს“ ფრაქციაში მხოლოდ ორი დეპუტატი დარჩა.

აზად ქარიმოვი საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზად ახმედ იმამკულიევთან უთანხმოებას ასახელებს. როგორც საკრებულოს წევრმა გვითხრა ახმედ იმამკულიევი პარტიაში გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებდა და კოლეგების აზრს არ ითვალისწინებდა.

„ის ამბობს, რომ მარტო მე ვარო და სწორედ ამიტომ დავტოვე პარტია“ - გვეუბნება აზად ქარიმოვი

ქარიმოვმა ჩვენთან საუბრისას ასევე თქვა, რომ ის საკრებულოს წევრი მაინც იქნება და უფრო კარგად გააგრძელებს საქმიანობას.

ქარიმოვს ჯერ-ჯერობით რომელიმე პარტიაში გაერთიანება გადაწყვეტილი არ აქვს.

„აბა ვნახოთ რომელი პარტია ჯობია. იმ პარტიაში მივალ“ - ამბობს აზად ქარიმოვი რადიო „მარნეულთან საუბრისას

საავტორო გადაცემაში „მოსაზრების წერტილი“, რომელიც რადიო „მარნეულის“ ეთერში გადის, წამყვანებმა სამირა ბაირამოვამ და ემინ იადიგაროვმა სტუმრად მყოფ ახმედ იმამკულიევს ჰკითხეს, მასსა და აზად ქარიმოვს შორის კონფლიქტზე გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, პარტიის წევრთან კონფლიქტი კი იმამკულიევმა უარყო.

წინა საკრებულოს სხდომაზე, ახმედ იმამკულიევმა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომრის მოადგილის შეცვლის თხოვნით საკრებულოს მიმართა, რასაც იმამკულიევი ფრაქციის წევრებისათვის გამოცდილების მიღებით ასაბუთებდა. სწორედ მაშინ შეუჩერდა აზად ქარიმოვს ფრაქციის თავმჯდომრის მოადგილის სტატუსი.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google