ზაურ ტაბატაძეს მერის მოვალეობის შესრულების ვადა გაუხანგრძლივდა
ზაურ ტაბატაძეს მერის მოვალეობის შესრულების ვადა დღეს, 7 აგვისტოს, გამართულ საკრებულოს სხდომაზე თემურ აბაზოვისათვის საბოლოო განაჩენის გამოტანამდე გაუხანგრძლივდა.

თემურ აბაზოვი 13 ივნისს მარნეულის მკვიდრის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დააკავეს. მერისათვის სტატუსის შეჩერების გამო მისი მოვალეობის შესრულებას მერის პირველი მოადგილე ზაურ ტაბატაძე 19 ივნისს შეუდგა.

18 ივნისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ტაბატაძისათვის მერის მოვალეობის შესრულების ვადა 7 აგვისტომდე განისაზღვრა, რადგან თემურ აბაზოვის საქმესთან დაკავშირებით საბოლოო სასამართლო სხდომა 6 აგვისტოს იყო ჩანიშნული.

პროკურატურის შუამდგომლობის შემდეგ რუსთავის რაიონულმა სასამართლომ აბაზოვის სასამართლო სხდომა გადაიტანა და 30 სექტემბერს ჩანიშნა, რაც დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე, ზაურ ტაბატაძისათვის მერის მოვალეობის შესრულების გაგრძელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი გახდა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები