"პოლიტიკურ სუბიექტებს ქალ ამომრჩევლებთან მუშაობის მზაობა არ აქვთ" - ოლგა ენდელაძე
„ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის გამოწვევები“ ამ თემაზე ღია დისკუსია მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს, 20 სექტემბერს გაიმართა.

პროექტის „ქალები მსჯელობენ, ირჩევენ, ხმას აძლევენ“ ფარგლებში გენდერულ საკითხებზე ერთწლიანი დაკვირვების შედეგად შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს. მათ შორის იყო ქალ ამომრჩევლებთან 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად პოლიტიკური სუბიექტების მიდგომები და მათი წინასაარჩევნო განაცხადების შეფასება გენდერულ ჭრილში, მუნიციპალურ დონეზე სამოქალაქო ჩართულობის მიმდინარე ეფექტურობა გენდერულ ჭრილში და მუნიციპალური გენდერული პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესის გამოწვევები.

„მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარე და პროექტის ავტორი ოლგა ენდელაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ აგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვებისას აღმოჩნდა, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს ქალ ამომრჩევლებთან მუშაობის მზაობა არ აქვთ.

„პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან მზაობა არ იყო იმიტომ, რომ ერთი მხრივ ისინი ვერ აღიარებენ, რომ ქალი ამომრჩეველის აუდიტორია მათთვის საინტერესოა, ხოლო მეორე მხრივ არიან პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები, რომლებიც აღიარებენ, რომ ქალი ამომრჩევლები მათთვის ხელმისაწვდომები არ არიან და უბრალოდ თავიანთ წინასაარჩევნო კამპანიებს ამისათვის არ გეგმავენ.“

ოლგა ენდელაძე ასევე ამბობს, რომ კომპლექსური გენდერული პრობლემების მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაშია შესაძლებელი ამ მომენტისათვის კი საჭიროა, რომ მუნიციპალური, სახელმწიფო, გენდრული პოლიტიკა იყოს კონკრეტული აქტივობებით დაგეგმილი და განხორციელებული.

პროექტის ფარგლებში „მარნეულის დემოკრათ ქალთა საზოგადოებამ“ შეიმუშავა სტრატეგია მარნეულში გენდერული პრობლემების მოსაგვარებლად.

ღია საზოგადოების ფონდის ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის კოორდინატორი ნინო კიკნაველიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მათ ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტრატეგიის „თაროზე შემოდება“ არ უნდათ.

„თუ როგორი შედეგები გვექნება ეს დამოკიდებულია ორგანიზაციის მუშაობაზე მერიასთან ადვოკატირების მიმართულებით და ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ნებაზე თვითონაც იყვნონ ჩართული თავისი მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური თუ გენდერული პრობლემების დასაძლევად.“

პროექტს „ქალები მსჯელობენ, ირჩევე, ხმას აძლევენ“ ანხორციელებდა „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება“ ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები