მესამე წელია მერია პარკირების სისტემის „მოწესრიგებას“ ცდილობს





მარნეულის ქუჩებში პარკირების სისტემა არ არსებობს. ამის გამო ფეხით მოსიარულეებისთვის გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. გზის ორივე მხარეს მანქანებია ჩამწკრივებული. ცარიელი არც ტროტუარებია. ქვეითებს მანქანებს შორის გზის გაკვლევა და ავტომობილების სავალ ნაწილზე გადასვლა უწევთ. მარნეულელები ფიქრობენ, რომ ქალაქში სიარული დღითიდღე შეუძლებელი ხდება.

მარნეულში ერთ-ერთი ხალხმრავალი ადგილი რუსთაველის ქუჩაა. აქ რადენიმე ბანკია განლაგებული. ავტომობილების გასაჩერებელი ადგილი არ არსებობს, რის გამოც მძღოლები ტროტუარზე ადიან. არც რუსთაველის ქუჩაზე და არც სხვა ადგილას მარნეულში არ დგას პარკირების შესაბამისი ნიშნები. პრობლემა ერთნაირად აწუხებთ ავტომობილის მფლობელებს და ქვეითად მოსიარულეებს.

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მანქანის გაჩერება აკრძალულია გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარზე. თბილისის მერიამ უკვე შეიუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც საფეხმავლო ტერიტორია ავტომობილებისგან სრულად უნდა გათავისუფლდეს. მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა უახლოეს მომავალში ცვლილებებს არ გეგმავს.
მარნეულის მერია პრობლემის მოგვარებას სავარაუდოდ მომავალი წლიდან დაიწყებს, საქმეში კი ექსპერტს ჩართავენ, რომელიც წესით სამი წლის წინ უნდა ჩამოეყვანათ.

Print