მარნეულელ ამომრჩევლებთან პრეზიდენტობის 25 კანდიდატიდან მხოლოდ 3 მუშაობს



საპრეზიდენტო არჩევნებამდე 20 დღეა დარჩენილი. მარნეულში ჯერ-ჯერობით სულ ორი საპრეზიდენტო კადიდატი იყო ჩამოსული. დავით ბაქრაძემ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა მარნეულელ ამომრჩევლებთან შეხვედრა 11 სექტემბერს გამართა. როგორც პარტიის მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ახმედ იმამკულიევმა ჩვენთან საუბრისას თქვა, ბაქრაძე წინასაარჩევნო პერიოდში მარნეულს კვლავ ესტუმრება, მანამდე კი ამომრჩევლებთან შეხვედრებს ყველა უბანზე გააგრძელებენ.

გრიგოლ ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა მარნეულელებთან შეხვედრა ორჯერ გამართა. გაერთიანებული ოპოზიციის მარნეულის შტაბის უფროსის აგილ მუსტაფაევის თქმით, მათ წინასაარჩევნო შეხვედრები უკვე 25-მდე სოფელში გამართეს.

სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრის. მას მხარდაჭერა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გამოუცხადა. როგორც ზურაბიშვილის პიარსამსახურის წარმომადგენელმა გვითხრა, კანდიდატი მარნეულში ჩამოსვლას 10 ოქტომბერს გეგმავს. სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა სამხარაძე მიმდინარე წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესის შესახებ გვესაუბრა.

ზურაბიშვილისაგან განსხვავებით შალვა ნათელაშვილი მარნეულში ვიზიტს არ გეგმავს. ნათელაშვილმა გუშინ, 7 ოქტომბერს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ყველა არჩევნებზე მითითებებს მეზობელი სახელმწიფოებიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ელოდებიან და ამ რეგიონებში წინასაარჩევნო აგიტაციას აზრი აღარ აქვს.

საპრეზიდენტო კანდიდატების მსგავსად 28 ოქტომბერს გასამართი არჩევნებისათვის მარნეულელებიც ემზადებიან. ჩვენთან საუბრისას მოსახლეობა ამბობს, რომ არჩევნებზე მიდიან, მაგრამ ზოგიერთს არჩევანი გაკეთებული ჯერ კიდევ არ აქვს.

საქართველოს პრეზიდენტობისათვის 2018 წლის 28 ოქტომბერს 25 კანდიდატი იბრძოლებს. საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს წელს ბოლოჯერ აირჩევენ.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები