სადახლოს მდინარისპირა ნაგავსაყრელი - გაუსაძლისი სუნი და ანტისანიტარია ათწლეულების მანძილზე


გამოყენებული ნემსები, შუშისა და პლასტმასის ბოთლები, დამტვრეულ მინები, ძველი ტელევიზორები, ბავშვის საფენები, მკვდარი ცხოველებისა და ფრინველების ნეშტები. ასეთია სადახლოში მდინარე ბანოვჩას გასწვრივ კილომეტრიან ნაგავსაყრელზე არსებული ნარჩენების ნაირსახეობა.

ლეკვებისათვის სადახლოს არალეგალური ნაგავსაყრელი სავარაუდოდ ყველაზე კარგი გასართობი ადგილია. ათამდე ლეკვი ნაგავსაყრელზე იზრდება და გადაგდებული ჩუსტებით, ბოთლებით, ტელევიზორებითა და ბავშვის სარწეველებით თამაშობს.

ნაგავსაყრელზე ლეკვების გარდა ბატებსაც დაინახავთ, ბატებს, რომლებსაც სავარაუდოდ ბაზარში გასაყიდად წაიყვანენ, ან სახლში პატრონები შეჭამენ. ფრინველები მკვდარი ქათმების, იხვებისა და ბატების ხორცსაც კი ჭამენ, რომ აღარაფერი ვთქვათ პოლიეთილენის პარკებსა და სხვა ნარჩენებზე.

ნაგავსაყრელზე გაუსაძლისი სუნი დგას. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ პერიოდში სუნი უფრო არ იგრძნობა, მაგრამ ზაფხულობით გარეთ გამოსვლა შეუძლებელია.

„სიცხის დროს ცუდი სუნია, ყველაფერი ყარს“ - გვეუბნება სადახლოელი ალმაზი



59 წლის ალმაზ აზიზბეკოვი გვეუბნება, რომ წლების განმავლობაში სადახლოში სიტუაცია უფრო და უფრო უარესდება. ათწლეულების წინ შექმნილ ნაგავსაყრელს კი ნარჩენები კვლავ ემატება და ემატება.

„სადღაც ერთი თვის წინ დაალაგეს ნაგვის ყუთები. რამდენიმე ადგილას არის, მაგრამ აქეთ მხარეს უკვე აღარ. კილომეტრებზეა ნაგავი. ყველა იქით ყრის, ყუთები არ გვაქვს და მაგიტომ.“

ალმაზი რამდენიმე შემთხვევას იხსენებს, როდესაც სოფელში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი მოკვდა.

„როდესაც ცელოფანს ჭამს უკვე მორჩა, ცუდად ხდება და მერე კვდება“

მოსახლეობამ ნაგავსაყრელის გაწმენდა რამდენჯერმე თავიანთი სახსრებითაც სცადა, მაგრამ მათმა მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო.

სადახლოს შემთხვევა ერთჯერადი არაა. როგორც შპს „სუფთა მარნეულის“ დირექტორმა ლერი მუმლაძემ ჩვენთან საუბრისას თქვა, მარნეულში დაახლოებით 83-86 არალეგალური ნაგავსაყრელია.

„ეს დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული და რამე უნდა გაკეთდეს. წელს არა, მაგრამ მომდევნო წლისთვის ყველა უნდა გასუფთავდეს.“

მუმლაძე ასევე ამბობს, რომ არალეგალური ნაგავსაყრელების პრობლემის მოგვარებაში გარემოს დაცვის სამინისტროცაა ჩართული.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები