საარჩევნო დაფინანსების წესის სავარაუდო დარღვევა „ტკბილი სუფრით“ ჩატარებული კამპანიის დროს
„ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის შტაბის წარმომადგენლები მარნეულში ქალ ამომრჩევლებთან შეხვედრებს კვლავ „ტკბილი სუფრის“ ფორმატში აგრძელებენ.

16 ნოემბერს შეხვედრა ქალაქ მარნეულში, რესტორან „ოქროს გვირგვინში“ გაიმართა.

როგორც ჩვენთან საუბრისას „ქართული ოცნების“ მარნეულის შტაბის წარმომადგენელმა ნარგიზა ალიევამ თქვა, შეხვედრას სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალები ესწრებოდნენ.

„კი, ეს ითვლება წინასაარჩევნო კამპანიად, მაგრამ სრულებით არა. ჩვენ ვხვდებით ქალებს, რათა გავიგოთ მათი პრობლემები, მათი იდეები, თუ როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ ქვეყნის პოლიტიკა ქალებისა და ეროვნული უმცირესობების მიმართ.“ - გვეუბნება ნარგიზა ალიევა

ნარგიზა ალიევა არ უარყოფს, რომ შეხვედრები წინასაარჩევნო აგიტაციისთვისაცაა გამიზნული, მაგრამ ამბობს, რომ თავად წინასაარჩევნო აგიტაციას არ აწარმოებს.

ჩაი, კანფეტები და ნამცხვრები „ოქროს გვირგვინშიც“ იყო, ისევე როგორც ქულთლიარში მცხოვრებ ქალებთან შეხვედრისას. მაშინ ალიევამ გვითხრა, რომ „ტკბილი სუფრა“ იმ ქალმა გაშალა ვის ოჯახშიც შეხვედრა გამართეს, ხოლო ახლა, მარნეულის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სადღესასწაულო დარბაზში გამართული შეხვედრა ერთ-ერთმა ბიზნესმენმა დააფინანსა, რომელსაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ სურს.

„ძალიან დიდი მატერიალური მხარდაჭერა არაა. უბრალოდ ჩვენი ჯიბეებით ვერ შევძელით ამ ყველაფრის გაკეთება, ვიღაცას ვთხოვეთ და მათ დააორგანიზეს. იქ მაქსიმუმ იყო ჩაი, ლიმონი, შაქარი და კანფეტები.“ - ამბობს ნარგიზა ალიევა

შეხვედრას მარნეულელ ქალებთან და ორგანიზატორებთან ერთად მანრეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან გაჯიევიც ესწრებოდა. გაჯიევმა ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ ის შეხვედრაზე ქალებთან სასაუბროდ მიიწვიეს. დეპუტატისათვის შეხვედრა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლო იყო.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის რატი თინიკაშვილის თქმით, თუ ზემოაღნიშნული შეხვედრები მიზნად ისახავს წინასაარჩევნო აგიტაციას რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ და ამას ანხორციელებს პოლიტიკური პარტია, შესაძლოა უკანონო შემოწირულობას ჰქონდეს ადგილი.

„პარტიას აკრძალული აქვს რომელიმე სუბიექტის სასარგებლოდ შემოწირულობის განხორციელება. შემოწირულობაში კი ითვლება ღონისძიების გამართვა, რომელიც სასარგებლოა რომელიმე საარჩევნო სუბიექტისათვის და შესაბამისად, ამ შემთხვევაში პლიტიკური პარტია შესაძლოა არღვევდეს საარჩევნო დაფინანსების წესს“ -გვითხრა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატმა.

რადიო „მარნეული“



მავე თემაზე:

მეორე ტურში "ტკბილი სუფრით" დაწყებული შეხვედრები ქალ ამომრჩევლებთან


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები