ISFED-ის II ტურის ანგარიშში მარნეულის 3 საქმე მოხვდა
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) II ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის ანგარიშში მარნეული რამდენჯერმეა ნახსენები. ანგარიშში ისეთი საქმეებიცაა შესული, რომელსაც რადიო „მარნეული“ აქტიურად აშუქებდა.

ISFED-ის ანგარიშის მიხედვით მარნეულში პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის 2 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ერთ-ერთი რადიო მარნეულის ეთერეშიც გავიდა. კონკრეტულად საქმე ეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის, ნოვრუზ მეხტიევის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომლის მიხედვითც მეხტიევი ამბობს, რომ 12 ნოემბერს კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელმა მისი ძმა ქუჩაში გააჩერა და უთხრა, რომ „ძალიან წინ მიდიოდნენ“. პოლიციელმა ჯიბიდან ამოიღო მეხტიევის ოჯახის წევრების სია პირადი მონაცემებით და უთხრა, რომ ამ სიაში მითითებული ერთ-ერთი პიროვნების მეორე ტურამდე დაკავებას ავალებენ.

„13 ნოემბერს ერთ-ერთ ჩინოვნიკი მივიდა მეხტიევის ძმასთან და შესთავაზა, რომ მოუგვარდებოდათ პრობლემები, რომელსიც სოფლის მეჩეთს აქვს თუ „48 ნომერთან ითანამშრომლებდნენ “.

14 ნოემბერს სხვა ჩინოვნიკი მივიდა მეხტიევის მამასთან და უთხრა, რომ ან „48 ნომრის “ აგიტატორად უნდა იმუშაონ ან არცერთ პარტიასთან არ უნდა ითანამშრომლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ კუთვნილ მაღაზიას და ჩაიხანას შემოსავლების სამინისტრო დააჯარიმებს ან დაკეტავს. მეტი დამაჯერებლობისთვის მეხტიევის მამას უთხრეს, რომ შემოსავლების სამსახური იმ დღესაც აპირებდა მისვლას, თუმცა ჯერ „დალაპარაკება“ შესთავაზეს.“
-წერია ISFED-ის ანგარიშში

პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის მეორე შემთხვევა მარნეულელ სტუდენტებს ეხება, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები არიან.

„მარნეულის „ ქართული ოცნების “ თანამშრომლებისა და აქტივისტების მიერ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებზე ხორციელდება ზეწოლა. კერძოდ სტუდენტებს ეუბნებიან, რომ თუ აღნიშნული პარტიაში გაგრძელებენ აქტივობას, კომპანია „სოკარი“ მათი სწავლის საფასურს აღარ გადაიხდის. აღნიშნული ინფორმაცია „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს მარნეულში მცხოვრებმა ორმა სტუდენტმა მიაწოდა.“ - წერია ორგანიზაციის ანგარიშში

ანგარიშში ეგრედწოდებული „ტკბილი სუფრის“ საქმეცაა შესული, რომელსაც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვად აფასებს.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები