რატომ არის საშიში გარეთ ნაყიდი ხორცი
სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია - FAO, მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ხორცის და ხორც პროდუქტების შეძენისგან, ისეთ ადგილებში, სადაც ჰიგიენური ნორმები და ხორცის შენახვის პირობები დაცული არაა.
აღსანიშნავია, რომ ახალი წლის დღეებში ხორცპროდუქტების მოხმარება იმატებს. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ხშირად ხორცის რეალიზება ხდება არაკეთილსაიმედო გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები. უცნობია ხორცის წარმომავლობა, საქონლის დაკვლის ადგილი.
როგორც რადიო მარნეულთან საუბარში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პროექტის ხელმძღვანელი მიხეილ სოხაძე ამბობს, მნიშვნელოვანია ხორცპროდუქტების შენახვა შესაბამისი პროცედურების დაცვით მოხდეს.

„ის პროდუქცია, რომელიც იყიდება დახლის გარეთ, განსაკუთრებით მალფუჭებად პროდუქტზე მაქვს საუბარი. დიდი ალბათობით ის ცხოველი არ არის დაკლული ვეტერინარული შემოწმების ზედამხედველობის ქვეშ. და ცხადია, არ არის გამორიცხული, რომ ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის იყოს საშიში“ - ამბობს მიხეილ სოხაძე.

სოხაძე განმარტავს, რომ თითოეულ მოქალაქეს აქვს ვალდებულება ხორცპროდუქტების შეძენინსას გამყიდველს სპეციალური საბუთი მოთხოვონ, რაც ხორცის სიჯანსაღეში დაგვარწმუნებს. 

„გამყიდველი ვალდებული არის აჩვენოს ცხოველის, ხორცის წარმომავლობის საბუთი. თუ დააინტერესა მყიდველს და საჭირო გახდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოს უნდა მიმართოს და იმასაც გაიგებს პირუტყვის მფლობელი ვინ იყო და რა გზა გაიარა სასაკლაომდე და სასაკლაოდან დახლამდე“- ამბობს მიხეილ სოხაძე

გთააზობთ სურსათის ეროვნული სააგენტოს და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია - FAO,-ს გამოქვეყნებულ ინფორმაციას ხორცპროდუქტების შეძენისას.


საქონლის ხორცის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს რიგ გარემოებებს: ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია 2-დან 6-გრადუსამდე, ხოლო, შენახვის ვადაა 48 საათი.

გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

· ქვეყნის დასახელება (სადაც მდებარეობს სასაკლაო), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე დამზადების თარიღი და საათი;

· თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;

· თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;

· სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა) იმპორტირებული ხორციც.

ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას იმ მაცივარზე, რომელშიც პროდუქტი ინახება.

FAO და სურსათის ეროვნული სააგენტო ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ არაოფიციალურ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და მისგან წარმოებული პროდუქტის ფასი, შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ მაღაზიებში და ჰიპერმარკეტებში არსებული ფასებისაგან, თუმცა, მნიშვნელოვანია მოსახლეობას ახსოვდეს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი და ა. შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია. ინფიცირებული ცხოველისგან ადამიანს შეიძლება გადაედოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებები.

გაუფრთხილდით თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას და საეჭვო შემთხვევების გამოვლენისას გთხოვთ, დარეკოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 15 01.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები