მარნეულის 2019 წლის ბიუჯეტი 2 200 000-მდე ლარით გაიზარდა
მარნეულის 2019 წლის ბიუჯეტი გაიზარდა და 24 171 000 ლარის ნაცვლად 26 200 000 ლარი გახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს, 11 იანვარს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო.
სხდომაზე განსახილველად მხოლოდ ერთი საკითხი იყო გამოტანილი, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას შეეხებოდა.

როგორც ჩვენთან საუბრისას მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა თქვა, ცვლილების მიზეზი საქართველოს მთავრობის მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის 2 200 000-მდე ლარის გამოყოფაა.

„ესაა სოფელ სადახლოსა და აღმამედლოს სასმელი წყლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის, ქალაქ მარნეულში მდებარე ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის მეორე ეტაპისა და სოფელ ქესალოში მდინარე მტკვრის სანაპიროზე ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის გამოყოფილი თანხა.“ - ამბობს ვუგარ მამედოვი

სადახლოსა და აღმამედლოში სასმწლი წყლის რეაბილიტაციისა და „კიდევაც დაიზრდებიან“-ის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის ტენდერი უკვე გამოცხადდა და ხელშეკრულებებიც იქნა გაფორმებული, ხოლო ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.



Print