საქართველოს ფოსტაში ამანათის აღება ფასიანი გახდა
ეთიბარ დაშდამიროვი მარნეულის პოსტის ოფისის ხშირი სტუმარია.
ონლაინ საიტებზე იაფად ყიდულობს მისთვის სასურველ პროდუქციას და კვირების განმავლობაში ჩამოსვლას ელოდება. ახლა სიტუაცია მისთვის რთულდება, შეიტყო, რომ ამანათის გამოტანისას თანხის გადახდა 2 ლარის ოდენობით მოუწევს.

„ მაგალითად, ზოგჯერ ისეთ ნივთს ვიწერ, რაც 5 ლარი მიჯდება. საქართველოში კი იმავე ნივთი 8 ლარი ღირს. გამოდის, რომ მე სასურველი პროდუქციის შეძენა 7 ლარი მიჯდება და ვფიქრობ, 1 ლარის გამო არ მიღირს ერთი თვით ლოდინი“ - ამბობს ეთიბარ დაშდამიროვი

საქართვრლოს ფოსტის ახალი ტარიფი 2019 წლის 3 იანვრიდან დაწესდა, როგორც ოფისში განმარტავენ, საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის გავლის მომსახურებისთვის განისაზღვრება 2 ლარი. 

აღნიშნული საფასურის გადახდა შეგიძლიათ საქართველოს ფოსტის სერვის ცენტრებში გზავნილის ჩაბარებისას. ამასთან, თუ თქვენ ისარგებლებთ საქართველოს ფოსტის დამატებითი სერვისით „გზავნილის ჩაბარება ადრესატის მისამართზე კურიერის საშუალებით“ , საფასურის გადახდის შესაძლებლობა მოგეცემათ გზავნილის თქვენთვის სასურველ მისამართზე ჩაბარებისას, დამატებითი სერვისის საფასურის გადახდასთან ერთად.

ფასთა კორექტირება, როგორც საქართველოს ფოსტაში განმარტავენ, „განპირობებულია მომხმარებლის მომსახურებისა და საფოსტო საოპერაციო პროცესების მაღალი სტანდარტების დანერგვით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ფოსტა ითვალისწინებს მის პასუხისმგებლობას მომხმარებელთა მიმართ და ინარჩუნებს ყველაზე დაბალი ფასის პოლიტიკას კონკურენტებთან მიმართებაში როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საფოსტო პროდუქტების მიმართულებით.“

Print