საიმერლოს ბაგა-ბაღის მშენებლობა 30 მარტამდე უნდა დასრულდეს
სოფელ საიმერლოს საბავშვო ბაღის მშენებლობა ამ დრომდე არ დასრულებულა . ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია „მემონტაჟე ნიკას“ მშენებლობა 2018 წლის 10 დეკემბერს უნდა დაესრულებინა.

ვინაიდან კომპანიამ ხელშეკრულების პირობები დაარღვია, მას საჯარიმო სანქციები ეკისრება. როგორც ჩვენთან საუბრისას მარნეულის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსმა დავით მულაძემ თქვა, მუნიციპალიტეტსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების დასრულებამდე, კომპანიას აქვს დრო, რომ სამუშაოები შეასრულოს.

საიმერლოს საბავშვო ბაღთან დაკვაშირებით გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში 2019 წლის 30 მარტამდეა. „მემონტაჟე ნიკამ“ ბაგა-ბაღის მშენებლობა სწორედ 30 მარტამდე უნდა დაასრულოს.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ჯარიმები 10 დეკემბრიდან ერიცხება, მარნეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსს ვუგარ მამედოვს არ აქვს ინფორმაცია თუ რა ოდენობის თანხა ეკისრება მას.

„ვინაიდან სამუშაოების შესრულების დრო ჯერ არ დასრულებულა, ჩემს სამსახურში შესრულების დრო არ დაფიქსირებულა და აქედან გამომდინარე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს“ - ამბობს ვუგარ მამედოვი

საიმერლოს საბავშვო ბაღი 120 აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღის სამშენებლო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ საბავშო ბაღის შენობაში მოთავსდება ოთხი სრულფასოვანი საჯგუფო ბლოკი და სხვა დამხმარე სათავსოები. მეორე სართულზე საბავშვო ჯგუფებთან ერთად განთავსდება ადმინისტრაციული სათავსები და სპორტული/სახელოვნებო ღონისძიებათა დარბაზი.შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მოქნე პირებისთვის.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 587 000 ლარს შეადგენს.

ვიდრე საბავშო ბაღი გაიხსნება, უკვე მეორე წელია აღსაზრდელებს სოფელ საიმერლოში არსებული ერთ-ერთი კერძო სახლი იფარებს. ძველი საბავშვო ბაღის დატოვება კი შენობის ავარიული მდგომარეობის გამო გახდა საჭირო.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები