რატომ იღებენ და სად მიაქვთ ყოველთვიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 600 ლარი საკრებულოს დეპუტატებს
მარნეულის მუნიციალიტეტის საკრებულოს ყველა რიგითი წევრი , საკუთარი მოვალეობების შესრულებისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თვეში 600 ლარს იღებს. აღნიშნული თანხა დეპუტატებმა ძირითადად საწვავით მომსახურეობის, მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზებისა და საკუთარი მოვალეობების განხორციელებისათვის უნდა გახარჯონ.

როგორც ჩვენთან საუბრისას მარნეულის საკრებულოს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო ბერიძემ თქვა, აღნიშნულ თანხას ყველა რიგითი დეპუტატი იღიებს, მაგრამ ისინი არანაირ ანგარიშს არ წარადგენენ, თუ რაში და რატომ გაიხარჯა სახელმწიფოს ფული.

„არის მხოლოდ სადეპუტატო უფლებამოსლების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯი. სადაც შედის ტრანსპორტირებაც, აქ შედის ქსეროქსიც, აქ შედის შეხვედრების ორგანიზებაც და საერთოდ ყველაფერი.“ - ამბობს ნინო ბერიძე


მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ დეპუტატების მიერ თანხის ხარჯვაზე კონტროლის დაწესება ძალიან დიდ პრობლემებთან არის დაკავშრებული.

„თვის განმავლობაში რამდენჯერაც სჭირდება დეპუტატს ჩამოსვლა სხდომებზე და ასე შემდეგ, იქედან გამოყვანილია საშუალო თანხა და ეძლევა როგორც სახარჯო თანხა და არა როგორც ხელფასი.“ - ამბობს ამირან გიორგაძე

მაგალითისათვის რომ ავიღოთ, ერთ-ერთი დეპუტატი მირკაზუმ იაგუბოვი გვეუბნება, რომ მას 2018 წლის განმავლობაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და მოსახლეობის ზოგად პრობლემებთან დაკავშრებით ზემო და ქვემო სარალში, შულავერში, არაფლოში, იმირსა და კიდევ რამდენიმე სოფელში მოსახლეობასთან ჰქონდა შეხვედრა და მისთვის გამოყოფილი 600 ლარიც სწორედ ამ შეხვედრების ორგანიზებისათვის გახარჯა.

სამწუხაროდ იაგუბოვს თავისი სიტყვების დამამტკიცებელი საბუთები არ გააჩნია, რადგან კანონმდებლობა და ნორმატიული აქტები უფლებამოსილების განხორციელებისათვის გამოყოფილი თანხების აღრიცხვას მას და სხვა დეპუტატებსაც არ ავალდებულებს. სწორედ ამიტომ, გაურკვეველია თუ რაში ხარჯავენ დეპუტატები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხას.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები