გენდერული თანასწორობის საბჭოს 2019 წლის ბიუჯეტის შედგენისას რეკომენდაციები არ წარუდგენია
მარნეულის მუნიციპალიტეტის გენდერულ თანასწორობის საბჭოს 2019 წლის ბიუჯეტის განხილვისას საკრებულოსათვის რეკომენდაციები არ წარუდგენია.

როგორც ჩვენთან საუბრისას მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა გენდერულ საკითხებში და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა ია ესებუამ თქვა, საბჭოს ერთ-ერთი წევრი მერიის საფინანსო სამსახურის განყოფილების უფროსია და მასთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე საბჭოს გარკვეული ოდენობის თანხა გამოუყვეს.

ესებუა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულის გარდა, ბიუჯეტის მზადების პროცესში გენდერული თანასწორობის საბჭოს სხვა რეკომენდაცია არ წარუდგენია. მაგალითად, თანასწორობის საბჭოს არ წარუდგენია რეკომენდაცია თუ როგორ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული გენდერული ასპექტი ინფრასტრუქტურული, სოციალური თუ სხვა პროექტების შედგენის დროს. ესებუა ამის მიზეზად მარნეულის მუცნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობაში მოსალოდნელ ცვლილებებს ასახელებს.

„თებერვლის დასაწყისში ჩვენს საბჭოში ხდება ცვლილებები. ჩვენი დებულების მიხედვით უნდა შევცვალოთ წევრები და ეს ყველაფერი გათვლილი გვაქვს ახალ წევრებთან მიმართებაში, ანუ მათ უნდა გააკეთონ შემდგომში საქმე.“ - ამბობს ია ესებუა

შეგახსენებთ, რომ მარნეულის გენდერული თანასწორობის საბჭოს ფუნქციონირებისთვის ბიუჯეტიდან 12 000 ლარი გამოიყო.

როგორც ჩვენთან საუბარში მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი გენდერულ საკითებში, ია ესებუა ამბობდა, თანხა ძირითადად მოსახლეობასთან შეხვედრებში და ტრენინგებში გაიხარჯება.

„აგრეთვე, გათვლილი გვაქვს ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 8 მარტს ღონისძიება. შესაძლოა, მცირედი საჩუქრებიც იყოს. ასევე მრავალშვილიანი ოჯახებისთვის და მარტოხელა დედებისთვის გვინდა დახმარება. გვინდა, მოსახლეობის ცნობიერება ავამაღლოთ და იცოდნენ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებობს გენდერული საბჭო და მივაჩვიოთ მოსახლეობა, რომ მოგვმართონ და ჩვენც მაქსიმალურად დავეხმაროთ შეძლებისდაგვარად“- გვითხრა ია ესებუამ

მარნეულის გენდერულმა თანასწორობის საბჭომ ფუნქციონირება გაულ წელს დაწყო. ბიუჯეტით სარგებლობის საშუალება კი წელს მიეცათ.

რადიო "მარნეული"


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები