მასწავლებლების სერტიფიცირების მეთოდი და სახელფასო პოლიტიკა იცვლება


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მასწავლებლების სერტიფიცირების ახალი მეთოდის და სახელფასო პოლიტიკის შეცვლა დააანონსა.

სისტემა, რომლის მიხედვითაც მასწავლებელს კრედიტების დაგროვება სხვადასხვა აქტივობებისა და გამოცდების მეშვეობით შეეძლო, შეიცვალა, მაგრამ ჯერ-ჯერობით უცნობია როგორ.

ლეილა მამედოვა 2010 წლიდან მასწავლებელთა თითქმის ყველა გამოცდაზეა გასული. 45 წელია რაც მასწავლებლად მუშაობს. ფიქრობს, რომ გამოცდები საჭიროა, მაგრამ ამავდროულად, სახელმწიფომ მასწავლებლების ასაკი და სტაჟიც უნდა გაითვალისწინოს. ლეილა ფიქრობს, რომ სისტემის სწრაფი ცვლილება დამღლელია.

„რა თქმა უნდა ეს ძალიან დამღლელია. მე იცით რისი მომხრე ვარ, უნდა იყოს მასწავლებლების დახელოვნების ინსტიტუტი, რათა აიმაღლონ თავიანთი კვალიფიკაცია.“ - ამბობს ლეილა მამედოვა

მასწავლებელთა სერტიფიცირება გულისხმობს პედაგოგის პროფესიის რეგულირებას, მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლებას, პედაგოგის ავტორიტეტის გაზრდას და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის განვითარებას. პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები საქართველოში 2010 წლიდან ტარდება. 2014 წლამდე გამოცდაზე გასვლა პედაგოგებისათვის ნებაყოფლობითი, შემდეგ კი სავალდებულო იყო. პარალელურად არსებობდა „კრედიტების სისტემაც“, რომლის მეშვეობითაც მასწავლებელი კვლაიფიკაციას არა მარტო გამოცდებზე გასვლით, არამედ სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობით იმაღლებდა. ცვლილებები სისტემაში, რომელიც ჯერ დამუშავების პროცესშია, ძალაში 2019 წელს შევა.

განათელბის საკითხების მკვლევარი სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ რეფორმის ასეთი ხშირი ცვლილება სასიკეთო არ არის.

„თუ სისტემა ხშირად იცვლება, მაშინ მასწავლებლებს აქვთ განცდა, რომ არ ღირს ამ სისტემაში დიდი ძალისხმევის დახარჯვა, რომ ნებისმიერი ძალისხმევა, რომელსაც ისინი გაიღებენ შეიძლება შემდეგმა ხელმძღვანელობამ, სამინისტრომ ან მასწავლებლის პროფესიულმა განვითარების ცენტრმა, გააუქმოს.“ - გვითხრა სიმონ ჯანაშიამ

ჯანაშია მოსალოდნელ ცვლილებებში პრობლემას გამოცდების მასწავლებლების განსხვავებულ სტატუსებზე მიბმაში ხედავს.

„თითქოს იქნება 4 გამოცდა, რომლებიც მიებმევა მასწავლებლების 4 სტატუსს და თითოეული სტატუსის გამოცდის დაკმაყოფილების შემთხვევაში მასწავლებელს მიენიჭება წოდება. ეს პრობლემურია, რადგან გამოცდა ადასტურებს რარაც კომპეტენციას და არა მასწავლებლის კვალიფიკაციას, რომლებსაც გავს მასწავლებლის სტატუსები.“ - ამბობს სიმონ ჯანაშა

განათლების ექსპერტის თქმით, მასწავლებლის მენტორობა არ შეიძლება იყოს სტატუსი, ეს არის მისი ფუნქცია. შესაძლებელია, რომ ახალგაზრდა პედაგოგი, რომელმაც უმაღლესი განათლება მიიღო და შესაბამისი გამოცდა ჩააბარა, გახდეს მენტორი მასწავლებელი, მაგრამ მისი კვალიფიკაცია ფუნქციებს არ შეესაბამებოდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით უცნობია გამოცდების ჩაბარების ფორმატი და სერტიფიცირების ახალი მოდელი, სახელფასო პოლიტიკა კი დამტკიცებული არ არის, სიმონ ჯანაშია არსებული საგამოცდო სისტემის გაუქმებას კარგ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.

„იმ სისტემის გაუქმება არაა პრობლემა, პირიქით უკეთესიცაა იმიტომ, რომ დიდი სარგებელი ამ სისტემას არ მოჰქონდა და ძვირიც ღირდა, აგრამ ცხადია გვჭირდება იმის ცოდნა თუ რაა ალტერნატივა. ჯერ-ჯერობით ალტერნატივის შესახებ არაფერ არ ვიცით.“ - თქვა სიმონ ჯანაშიამ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დამატებით განმარტებას არ აკეთებს. დღეს განათლბის სსტემაში რეფორმაზე პრემიერ-მინსტრმა გიორგი ბახტაძემაც ისაუბრა. ამ რეფორმის ნაწილია 2018-2019 სასწავლო წელს მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის საატესტატო გამოცდების გაუქმება. ასევე, ცვლილებები მისაღები გამოცდების სისტემაში, რომლის მიხედვითაც 2020 წლიდან სამი სავალდებულო საგანი იქნება: ქართული და უცხო ენები, მესამე კი უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით განისაზღვრება: მათემატიკა - ტექნიკური, ხოლო ისტორია - ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები