აზერბაიჯანელი ბავშვების ზუგდიდელი მასწავლებელი





სალომე ქირია 7 წლის წინ ზუგდიდიდან მარნეულში გადმობარგდა. მისი მიზანი ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის შესწავლა იყო. მუშაობა საბირქენდის საჯარო სკოლაში ქართული ენის დამხმარე მასწავლებლად დაიწყო. გარემოსთან შეგუება არც ისე მარტივი აღმოჩნდა. მთავარ პრობლემას ენობრივი ბარიერი უქმნიდა. უკან დაბრუნებაზეც კი დაფიქდა, თუმცა გააცნობიერა, რომ ბავშვებისთვის ცხოვრების შეცვლა შეეძლო და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაეშვა

„არ ვიცოდი სად მივდიოდი, ვისთან მივდიოდი, ვინ იქნებოდა ჩემი ოჯახი, სადაც ცხოვრება მომიწევდა. არ ვიცნობდი აქაურ კულტურას. რაღაცეები კი მქონდა მოსმენილი, მაგრამ როდესაც უშუალო შეხებბა გაქვს, სხვა რეალობაში ხვდები და მაშინვე გავიფიქრე, რომ მე უნდა გადამელახა ეს დაბრკოლებები. „

სალომესთვის ბავშვებთან მუშაობა ახლა გაცილებით მარტივია. ღიმილით იხსენებს დღეს, როდესაც გაკვეთილის ჩასატარებლად კლასში პირველად შევიდა და კომუნიკაცია ჟესტების ენაზე შეძლო.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რას გააკეთებს თითოეული მასწავლებელი და რა განწყობით შევა გაკვეთილზე. პირველი დღიდანვე ვცდილობდი მიმიკით, ჟესტიკულაციით შემექმნა კარგი განწყობა და შთაბეჭდილება მომეხდინა. შემდეგ უკვე ნელ-ნელა ბავშვების მხრიდანაც იყო დაინტერესება და მომყვებოდნენ ყველანაირად. „

სალომე საბირქენდის საჯარო სკოლაში პროექტ „არაქართულენოვანი მასწავლებლების პროფესიული განვითარება“ ფარგლებში მუშაობს. მიიჩნევს, რომ ამ პროექტმა, ინტეგრაციის კუთხით, დიდი ცვლილება მოახდინა.

„მათ უკვე იციან სად ცხოვრობენ. მათ უკვე იციან რა არის ქართული კულტურა, რა არის ქართული ტრადიცია, რატომ უნდა იცოდნენ ენა და ამას უკვე საქმითაც ხვდებიან. ამ პროექტმა დიდხანს უნდა იარსებოს იმისათვის, რომ კიდევ ბევრი რამ გაკეთდეს.“

გაკვეთილების სახალისოდ წარსამართად ფორმატებს, ფლომასტერებს და სხვა საჭირო ნივთებს საკუთარი სახსრებით იძენს. მესამე კლასელებს ოჯახის თემას თვალსაჩინოდ, ხილაბანდის და ულვაშების მიმაგრებით უხსნის. საკლასო ოთახში ყოველ დღე განსხვავებული იდეებით და შემართებით შედის.

„ვფიქრობ, რომ ახლა უფრო სხვა მასწავლებელი ვარ, ვიდრე 3 ან 4 წლის წინ. მომწონს რაღაცეები რომ კეთდება, მაგრამ ზუსტად ასლის აღება არ მინდა ხოლმე და ვნახულობ სხვა რაღაცეებს და მე თვითონ ვფიქრობ რა შეიძლება გავაკეთო ახალი. ყოველთვის ახლის ძიებაში ვარ“

სარემონტო სამუშაოების გამო საბირქენდის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები ალგეთის საჯარო სკოლაში უტარდებათ. 15 წუთის სავალ გზას სალომე, მოსწავლეებთან ერთად, სიმღერით მიუყვება. მისი მთავარი მამოტივირებელი ძალა ოჯახია, სადაც უკვე შვიდი წელია ცხოვრობს.

„მეოთხე შვილი ვარ ამ ადამიანების. როგორც საკუთარ შვილს უყიდიან, თუნდაც ელემენტარულ რამეს, მეოთხეს ჩემთვის ყიდულობენ აუცილებად. საუბარი არ არის სხვადასხვა კულტურაზე, როდესაც არის ადამიანობა, როდესაც არის სითბო და ურთიერთგაგება იქ ყველაფერი კარგად იქნება“

ის მარნულიდან წასვლაზე აღარც ფიქრობს. ახლა სალომე ქირიას მთავარი მიზნი მოსახლეობის დახმარება, მოსწავლეებისთვის განათლების მიცემა და მასწავლებლებისთვის სწავლების ახალი მეთოდების გაზიარებაა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები