მიუსაფარი ძაღლების ტენდერში კომპანიის ნაცვლად მაკონტროლებელი ორგანიზაციის ნომერია მითითებული
მარნეულის მერიამ ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობისთვის ახალი ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში მონაწილეობა იმ კომპანიამ მიიღო, რომელმაც გასულ წელს იგივე მომსახურეობა გასწია.  გამარჯვებული კომპანია „შპს ვექტრაა“, რომელსაც მერია ამ ეტაპზე ხელშეკრულებას უფორმებს.

რადიო მარნეული შპს „ვექტრას“ წარმომადგენლებთან დარეკვას შეეცადა. ტენდერში მითითებულ ნომერზე დავრეკეთ და საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენელმა გვიპასუხა, რომელიც ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობას მონიტორინგს უწევს.

ჩვენთვის გაუგებარი აღმოჩდა თუ რატომ იყო მითითებული მაკონტროლებელი ორგანიზაციის ნომერი მათ ტენდერში. ამისათვის ცხოველთა დაცვის ფედერაციის ხელმძღვანელს თემურ ლაჭყეპიანს დავუკავშირდით, რომელმაც მათი მობილური ნომრის მითითება ტენდერში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით ახსნა.

„ პასუხი არის ის რომ, ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმებული მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით. ასევე, მომსახურებასთან დაკავშირებით. ქუთაისის მასშტაბით თუ რომელიმე ცხოველს სჭირდება დახმარება, ჩვენს ორგანიზაციას გადაჰყავს მათ კლინიკაში“ - ამბობს ლაჭყეპიანი

ის, რომ კომპანია ვალდებულია საკუთარი საკონტაქტო ინფორმაცია მიუთითოს ტენდერში ამას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ლომთაძეც გვიდასტურებს და ამბობს, რომ როდესაც ტენდერში მაკონტროლებელი ორგანიზაციის ნომერი მითითებულია ძირითადი კომპანიის ნომრად, რომელმაც გაიმარჯვა, ეს ეჭვებს ბადებს იქნება თუ არა კარგად განხორციელებული მონიტორინგი.

„დოკუმენტაციიდან, რომელიც ატვირტულია საიტზე ჩანს, რომ შპს „ვექტრამ“ გარკვეული საკონტაქტო ინფორმაცია ატვირთა კონკრეტულ ტენდერზე, რომელიც მარნეულმა გამოაცხადა . მარნეულის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ გარე პირმა უნდა დაამონიტორინგოს საქმიანობა, რომელსაც შპს ვექტრა შეასრულებს. თუმცა ის ფაქტი, რომ სახელმწიფო შესყიდვების საიტზე იმ ორგანიზაციის ნომერი გამოჩნდა , რომელიც მონიტორინგს აკეთებს და არა იმ კომპანიის, რომელიც სამუშაოს ასრულებს, რეალურად შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ მათ შორის რაიმე სახის გარიგებააა ამ კონკრეტულ ტენდერში, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია" - ამბობს გიორგი ლომთაძე


იმის გათვალისწინებით, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში ოთხი ტენდერი ჩაიშალა, შესაძლოა მერიამ გარკვეულ დარღვევებზე თვალი დახუჭა, თუმცა ლომთაძის თქმით, მუნიციპალიტეტი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე კომპანიის საქმიანობა კარგად შეისწავლოს.

გასულ წელსაც „შპს ვექტრას“ საქმიანოსბას თვალყურს საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია ადევნებდა, რომლებიც აქამდე ჩაშლილი ტენდერების მიზეზად არასაკმარის თანხას და კონკრეტული ორგანიზაციების წარსულში ჩადენილ დარღვევებს ასახელებდა.

ფედერაციაში განმარტავენ, რომ შპს „ვექტრას“ მუშაობის პერიოდში ცხოველთა უფლებების კუთხით დარღვევა არ ყოფილა და მარნეულიდან წაყვანილი ძაღლების 95% დაბირკული დააბრუნეს. თითო ძაღლის მომსახურებისთვის 100 ლარი გაიწერა. 2019 წელს მერიამ ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობის ტენდერში თანხა 4 200 ლარით გაზარდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები