დისკრიმინაციის რა შემთხვევებზე მიმართეს სახალხო დამცველს ქვემო ქართლიდან
აქტივისტის მიმართ თავდასხმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მხრიდან და სექსუალური შევიწროება შრომით ურთიერთობაში -  ეს ის ორი თემაა, რომელიც ბოლო ერთ წელში ქვემო ქართლის რეგიონიდან სახალხო დამცველის აპარატში შევიდა.  სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი, ქეთევან შუბაშვილი რადიო „მარნეულთან“ საუბარში ამბობს, რომ საქმეების შესწავლა მათ დაუყონებლივ დაიწყეს და გარკვეული რეკომენდაციებიც გასცეს.

ერთ-ერთი შემთხვევა იყო, როდესაც აქტივისტს დაესხნენ თავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ეს ფაქტი აქტიურად იყო გაშუქებული მედიის მიერ და სახალხო დამცველიც განიხილავდა. ეს ფაქტი აუცილებლად მოხვდება ჩვენს ანგარიშში, როგორც აზერბაიჯანულენოვანი აქტივისტის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ეს იყო სექსუალური შევიწროება შრომით ურთიერთობაში, სადაც დასაქმებული მისი მენეჯერის მხრიდან დაექვემდებარა შევიწროებას. ეს გამოიხატა  მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნაში, რომელიც იყო სექსუალური შინაარსის.  აქ დავადგინეთ სექსუალური შევიწროება და კომპანიის ხელმძღვანელს მივმართეთ ეფექტიანი რეაგირებისკენ და სექსუალური შევიწროების პრევენციის შიდაორგანიზაციული მექანიზმის დანერგვისკენ მოვუწოდეთ“

სახალხო დამცველის აპარატს დისკრიმინაციისგან თავის დასაცავად რამდენიმე მექანიზმი აქვს შემუშავებული, რომლითაც ადამიანების დახმარება შეუძლიათ.  იმ შემთხვევაში თუ სახალხო დამცველი დაადგენს, რომ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას, ან დისკრიმინაციის წახალისებას, მოპასუხეს მიმართავს რეკომენდაციით ან ზოგადი წინადადებით. თუ დაადგენს, რომ დისკრიმინაციას არ ჰქონია ადგილი ან მტკიცებულებები არ არის საკმარისი, შესაბამის განმარტებას გააკეთებს და შეწყვეტს საქმის წარმოებას.

„როგორც დისკრიმინაციასთან, ასევე სხვა ნებისმიერ უფლებადარღვევასთან დაკავშირებით ადამიანებს შეუძლიათ მოგვმართონ ცხელი ხელ ხაზზე 1481, ასევე მეილით This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it - და რა თქმა უნდა, ფოსტის მეშვეობით. მეილით და ფოსტის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია საჩივარი იყოს ხელმოწერილი, რომ  დაფიქსირებული იყოს მსხვერპლის სურვილი, რომ სახალხო დამცველმა შეისწავლოს კონკრეტული უფლებადარღვევები. ასევე, სახალხო დამცველი ინფორმაციას იღებს მედიიდანაც. თუ გავრცელდა მედიაში კონკრეტული დისკრიმინაციის ფაქტის შესახებ და არ იკვეთება  კონკრეტული ადამიანის უფლებადარღვევა, ვიწყებთ საქმის შესწავლას. თუ უშუალოდ ვინმეს უფლებადარღვევას ეხება საქმე, ამ ადამიანს ვუკავშირდებით და ვეკითხებით უნდა თუ არა, რომ სახალხო დამცველმა შეისწავლოს ფაქტი“

სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა, ქეთევან შუბაშვილმა ასევე ისაუბრა, თუ რა მექანიზმებითაა შესაძლებელი სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციის აღმოფხვრა. ამის ერთ-ერთ მაგალითად  საკანონმდებლო ბაზა მოჰყავს, რომელიც ყველა დამსაქმებელს ეუბნება, რომ სამუშაო ადგილზე ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია და ხელი უნდა შეუწყონ თანასწორობას.

„ასეთი საკანონმდებლო რეგულაციები ყოველთვის პრაქტიკაში არ გადმოდის, ამიტომ, სახალხო დამცველის რეკომენდაცია ყოველთვის არის ის, რომ შეიქმნას შიდა ანტიდისკრიმინაციული რეგულაციები , რომლიც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია შესრულდეს ეფექტიანად პრაქტიკაში. მაგალითად, სექსუალური შევიწროების შემთხვევებში, ჩვენ ნებისმიერ დამსაქმებელს  , იქნება ეს კერძო თუ საჯარო დამსაქმებელი, ვეუბნებით, რომ აუცილებელია შეიქმნას ისეთი მექანიზმი, ადამიანმა თვითონ ორგანიზაციის შიგნით შეძლოს მომართვა, ამ მექანიზმის გამოყენება და ეს საქმე ორგანიზაციამ განიხილოს და არ გახდეს საჭირო, მაგალითად, სახალხო დამცველისთვის ან სასამართლოსთვის მიმართვა. ასეთი მექანიზმიც ვერ იქნება გარანტი, რომ აუცილებლად სწორად განიხილება საქმე, თუმცა პრევენციულ ფუნქციას მნიშვნელოვნად ასრულებს. ასეთი მექანიზმი როცა არსებობს ორგანიზაციაში, ადამიანები უფრო ერიდებიან დისკრიმინაციის და სექსუალური შევიწროების ჩადენას იმიტომ, რომ ეს მექანიზმი გარკვეულწილად განაცხადია იმისა, რომ თუ მსგავსი რამ მოხდება, ორგანიზაციას მკაცრი რეაგირება ექნება და ასეთ შემთხვევაში ადამიანები პრობლემების შექმნას მოერიდებიან.“

ქეთი შუბაშვილის განმარტებით, კანონმდებლობისა და მექანიზმების გარდა, მნიშვნელოვან ფაქტორს ცნობიერების ამაღლება ასრულებს. ამ მხრივ კი  სახალხო დამცველი აქტიურად ატარებს საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა უწყებასთან, საჯარო მოხელეებთან და კერძო კომპანიებთან.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები