რატომ არ არის ბავშვი ცოლი - საკანონმდებლო რეგულაციები და დამკვიდრებული პრაქტიკა
რატომ არ შეიძლება ბავშვი იყოს ცოლი - წართმეული ბავშვობა, მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები, ფინანსური დამოკიდებულება და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. ეს იმ შედეგების მცირედი ჩამონათვალია რაც ადრეულ ასაკში ქორწინებამ და ბავშვთა იძულებით ქორწინებამ შეიძლება გამოიწვიოს.

„დღეს, იძულებითი ქორწინებები რომ გავრცელებულია, განსაკუთრებით აზერბაიჯანულ თემში, იმიტომ ხდება, რომ ამაზე სახელმწიფო ხუჭავს თვალს. არ ხდება ადამიანების დასჯა, რომ ხდებოდეს ამის
დასჯა ეს დანაშაულიც ჩვეულებრივად გაქრება“
. - აცხადებს ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია რადიო „მარნეულთან“ საუბრისას.

პატარაია საუბრობს თემებზე, თუ რა არის ადრეულ ასაკში ქორწინება, რა საკანონმდებლო ხარვეზები გვაქვს საქართველოში, როგოია სახელმწიფო პრაქტიკა ადრეულ ასაკში ქორწინებასა და 16 წელს მიუღწეველ პირებთან სექსუალური კავშირის დამყარების დროს და რა უნდა შეიცვალოს.

ვინ ითვლება ბავშვად და რა არის ადრეულ ასაკში ქორწინება.

საქართველოს კანონმდებლობით, ქორწინების ასაკად განსაზღვრულია 18 წელი. იმ შემთხვევაში, თუ ქორწილი 18 წელს მიუღწეველ პირთან შედგა, ის ითვლება ადრეულ ასაკში ქორწინებად და ისჯება კანონმდებლობით.

„მეორე მნიშვნელოვანი კანონმდებლობა არის ის, რომ 16 წლამდე პირთან სქესობრივი კავშირი სრულწლოვნებს ეკრძალებათ და ამას შეგვიძლია უკვე დავუძახოთ პედოფილია. სრულწლოვანი, ვინც 16 წლამდე პირთან დაკავდება სქესობრივი აქტით არის სისხლის სამართლის დამნაშავე. ამიტო, როდესაც ვსაუბრობთ ადრეულ ქორწინებაზე და ხანდახან ვიყენებთ ტერმინს ბავშვთა ქორწინება, აქ მნიშვნელოვანი არის ასაკი. თუ პირი 16 წელსაც არაა მიღწეული და ისე შედის ქორწინებაში და ქორწინება ცხადია გულისხმობს სქესობრივ კავშირს, აქ უკვე ცხადია ადგილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაულს. ხოლო 16-დან 18 წლამდე პირი რომ შედის ქორწინებაში, ამას ქორწინებად არ აღიქვამს სახელმწიფო იმიტომ, რომ სახელმწიფო ამბობს, რომ ისეთი სერიოზული გადაწყვეტილება, რასაც ნიშნავს ქორწინება, უნდა მიიღონ მხოლოდ სრულწლოვანმა ადამიანებმა“. - აცხადებს ბაია პატარაია

საქართველოს კანონმდებლობით დასჯადია გოგოების იძულებითი (გარიგებითი) ქორწინება და გოგოების მოტაცება.

პატარაიას განმარტებით, საქართველოში ასევე ხშირია გოგოების იძულებითი ქორწინება ადრეულ ასაკში.

„ასევე, საქართველოში იკრძალება იძულებითი ქორწინება და არასრულწლოვნების შემთხვევაში, მითუმეტეს როდესაც სახელმწიფო ქორწინების ასაკს ადგენს, 18 წელს ქვემოთ ასაკის განსაკუთრებით გოგოების შემთხვევაში გვაქვს პრობლემა. ძალიან ხშირად ეს არის იძულებითი ქორწინება, ანუ გარიგებით ქორწინება, როცა ოჯახები იღებენ გადაწყვეტილებას. ამ დროს გადაწყვეტილებას ვერც მიიღებდა და არ იღებს არასრულწლოვანი, მაგრამ მისი ოჯახი იღებს გადაწყვეტილებას და ხშირად, ძალიან ხშირად, ეს არის იძულებით მიღებული გადაწყვეტილება. გვაქვს ძალიან ბევრი რეალური ფაქტი, სადაც არასრულწლოვანს აქვს სხვა ინტერესები, მას არ სურს ქორწინება. მაგალითად, უნდა სწავლის გაგრძელება ან სხვა გეგმები, მაგრამ ოჯახი ასე უწყვიტავს. ცხადია, ეს არის იძულებითი ქორწინება. სამართლებრივად ქორწინეაბც კი არაა ეს და ასეთი პრობლემები საქართველოში არსებობს და რეალურია“.

ბაია პატარაიას განმარტებით, საქართველოში ასევე არსებობს კიდევ ერთი სამართლებრივი რეგულირება, რომელიც მოტაცებას შეეხება.

„ქორწინების მიზნით მოტაცება, როგორც ასეთი მუხლი საქართველოს კანონმდებლობაში არაა. ნებისმიერი მოტაცება, ითვლება თავისუფლების უკანონო აღკვეთად და ის საკმაოდ მძიმედ ისჯება და არანაირ შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის,რომ ვიღაცამ შეიძლება თავი ამით იმართლოს, რომ ქორწინების მიზნით მოიტაცა ვინმე. ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული და ნულოვანი ტოლერანტობა უნდა არსებობდეს ამ დანაშაულის მიმართ“. - აცხადებს ბაია პატარაია

რა პრობლემებს უქმნის ბავშვებს ადრეული ქორწინება?

ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია საუბრობს იმ გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ, რომლებიც ადრეულ ასაკში ქორწინების მსხვერპლ ბავშვებს ხვდებათ. მათ ხელი ეშლებათ განვითარებაში, სწავლაში, კარიერულ წინსვლაში, დასაქმებაში და უქმნის მძიმე სოციალურ და ჯანმრთელობის პრობლემებს.

„იმის გამო, რომ ხშირად ადრეულ ასაკში ქორწინების მსხვერპლი ეკონომიკურად სრულიად არის დამოკიდებული მოძალადეზე, რომელსაც მეუღლეს უწოდებენ, ხშირია სხვადასხვა სახის ძალადობის შემთხვევები. ხშირად, როდესაც ძალადობის მსხვერპლი ხდება ასეთი ადამიანი, მას არ აქვს შესაძლებლობა თავი გადაირჩინოს და დააღწიოს თავი ძალადობას. ასევე, პრობლემა არის ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ორსულობა დგება. არასრულწლოვნობის პერიოდშ გოგონას ძალიან უჭირს ორსულობა და მშობიარობა და მთელ რიგ პრობლემებს იწვევს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის ნაწილი. იძულებით ქორწინების შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის სახეზე გვაქვს გაუპატიურება - თანხმობის გარეშე სქესობრივი აქტი, თუმცა ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა ამას თითქმის არასოდეს არ ხედავს“. - აცხადებს ბაია პატარაია

სახელმწიფო პრაქტიკა და შეუმჩნეველი დანაშაულები.

უფლებადამცველის განმარტებით, მართლმსაჯულების სისტემაში არსებობს დისკრიმინაცია ქალთა და გოგონათა მიმართ, რაც არის გენდერული მგრძნობელობის ნაკლებობით გამოწვეული, ასევე სახელმწიფო ვერ ხედავს სქესობრივ დანაშაულებებს. აცხადებს, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა და კანონმდებლობა სქესობრივი დანაშაულების მიმართ პრობლემურია და შეცვლას საჭიროებს.

„კანონმდებლობაც გვაქვს ხარვეზიანი, როდესაც სქესობრივ დანაშაულებებზე ვსაუბრობთ. მაგალითად, 16 წლამდე პირი თუ დამტკიცდა რომ ნებაყოფლობითი სექსი ჰქონდა, უკვე მსუბუქი დანაშაულია და ხშირად საპროცესო გარიგება დგება და ბავშვთა ქორწინებებში სულ ასეთი მუხლები გვხვდება. მაშინ, როცა საერთაშორისო სტანდარტით, 16 წლამდე პირთან ნებისმიერი სექსუალური კავშირი ავტომატურად უნდა ითვლებოდეს გაუპატიურებად, რადგან ამ შემთხვევაში ბავშვი არის პატარა, იმისთვის რომ ჰქონდეს თანხმობის გამოხატვის საშუალება სქესობრივ კავშირზე სრულწლოვანთან. ანუ, ავტომატურად ეს უნდა ითვლებოდეს გაუპატიურებად მაგრამ ჩვენი კანონმდებლობით არ ითვლება და უფრო მსუბუქი მუხლია ამისათვის მოგონილი. ეს არის ჩვენი კანონმდებლობის ხარვეზი და ამას გვეუბენება ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომ ეს მუხლი უნდა შეიცვალოს. ზოგადად, მთელი რეფორმაა ჩასატარებელი, როდესაც სქესობრივ დანაშაულებებზე ვსაუბრობთ“.

14 წლის აითაჯის საქმე - ადრეულ ასაკში ქორწინების პრაქტიკის შეცვლის შესაძლებლობა

6 ოქტომბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 14 წლის აითაჯ შახმაროვა 27 წლის ასიმ ასლანოვმა მოკლა. ასიმ ასლანოვმა არასრულწლოვანი აითაჯი ცოლად შერთვის მიზნით გაიტაცა. არასრულწლოვანი წელს მეცხრე კლასში უნდა წასულიყო. ის დმანისის სოფელ უსინქენდიდან იყო, ხოლო სკოლაში ზემო ყარაბულახში დადიოდა.

პილიციამ აითაჯის მკვლევლობის გამო მისი „ქმარი“ 10 ოქტომბერს, ოთხდღიანი ძებნის შემდგომ დააკავა. ასიმ ასლანოვს შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა და ბრალად ედება განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.

გარდა მკვლელისა, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა აითაჯის დედას და ბიძას. მათ ბრალად ქორწინების იძულება და დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ.

ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაიას განცხადებით, აითაჯის მკვლელობამ დაგვანახა, რომ დროა საზოგადოებამ უფრო მკაცრი მოთხოვნები დაუყენოს ხელისუფლებას, რათა ადრეულ ასაკში ქორწინებას უფრო ეფექტურად ებრძოლონ.

„მე შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც 20-25 წლის წინ ეთნიკურ ქართველებში ხშირი იყო მოტაცება ცოლად მოყვანის მიზნით, თუმცა ეს პრაქტიკა ჩვეულებრივად აღიკვეთა იმით, რომ დაიწყო მკაცრი დასჯა და თვალი აღარ დახუჭა სამართალდამცავმა უწყებებმა ამ დანაშაულებზე. დღეს, იძულებითი ქორწინებები რომ გავრცელებულია განსაკუთრებით აზერბაიჯანულ თემში, იმიტომ ხდება, რომ ამაზე სახელმწიფო ხუჭავს თვალს. არ ხდება ადამიანების დასჯა, რომ ხდებოდეს ამის დასჯა, დანაშაულიც ჩვეულებრივად გაქრება, რადგან ჩვენი ისტორიაც ამას გვიჩვენებს, რომ თუ ხდება კანონის გამოყენება, საზოგადოებაც იცვლის მარტივად ქცევას და უარს ამბობს ასეთი ტიპის დანაშაულზე. ეს ერთი საქმე ჯერ-ჯერობით ისე ჩანს, რომ თითქოს უფრო მკაცრად მიუდგა სახელმწიფო, მაგრამ სანამ პირადად მე არ დავინახავ სკოლის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობას და იმ საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობას, რომლებმაც იცოდნენ, რომ ეს დანაშაული მოხდა მაგრამ არავის არ შეატყობინეს და ხელი არ შეუშალეს ამ დანაშაულს, მანამდე მე ვერ ვიტყვი, რომ სახელმწიფო პატიოსნად იძიებს ამ საქმეს. ჩვენ ეს პრობლემა გვაქვს იმიტომ, რომ პოლიცია და პროკურატურა მოწოდების სიმაღლეზე არ დგას და თვალს ხუჭავს იმ დანაშაულებებზე, რომლებიც ხდება აზერბაიჯანელი გოგოების წინააღმდეგ და ეს არის სისტემური დისკრიმინაცია, ესაა სახელმწიფო დონეზე ასული დისკრიმინაცია“.

პატარაიას განმარტებით, მნიშნველოვანია სამართალდამცავმა უწყებებმა შეწყვიტონ თვალის დახუჭვა გოგოების მიმართ მიმართულ დანაშაულებზე და ეფექტურად დაიწყონ დანაშაულზე რეაგირება.

„დღეს დაუსჯელობის სინდრომი არის აზერბაიჯანულ თემში იმიტომ, რომ რეალურად არ სჯიან არავის და ხალხს აქვს ილუზია, რომ ეს დაშვებულია, რასაც ისინი აკეთებენ“. - აცხადებს ბაია პატარაია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს, არასრულწლოვანთან სავარაუდოდ ქორწინების მოტივით ჩადენილ დაახლოებით 134 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება, 2021 წელს - დაახლოებით 212 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო 2022 წლის 6 თვეში (1-ლი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით) - დაახლოებით 61 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება.

გარეკანის ფოტო: სამირა ბაირამოვა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები