GİPA Media Lab-ის ფოტოკონკურსში მარნეულიდან სამმა გუნდმა გაიმარჯვა
31 მარტს GİPA Media Lab-ის პროექტის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე „ჩაის სახლში“ ფოტოკონკურსის დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა.
ჯიპა მედია ლაბს უკვე 6 წელია ხორციელებს. ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ახალგაზრდები ჟურნალისტიკის პრინციპებს, ვიდეო და ფოტო გადაღების წესს სწავლობენ.
პროექტის მონაწილე ახალგაზრდებმა სხვადასხვა ფოტორეპორტაჟები მოამზადეს და ჟიურის წევრებს წარუდგინეს, რის შემდეგაც ჟიურიმ რამდენიმე გამარჯვებული გამოავლინა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული ისმაილ ჯალილოვი აცხადებს, რომ მისთვის კონკურსში გამარჯვება მნიშვნელოვანი წარმატებაა.

„ვფიქრობ რომ ფოტოაპარატის გამოყენებამ პრეზენტაციის უნარი გამიუმჯობესა და სამონტაჟო პროგრამებზე მუშაობა ჩემთვის სასარგებლო იქნება. მომავალში ჟურნალისტიკაზე მინდა განათლების მიღების გაგრძელება და მჯერა რომ ჯიპა მედია ლაბის პროექტი ჩემთვის წარმატებული იქნება“ - აცხადებს ისმაილ ჯალილოვი

კონკურსში მეორე ადგილას გასულმა ისა სამედოვმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ წარმატების მიღება მისთვის სასიხარულოა. 



„აქ ბევრ ცოდნას და უნარებს გვასწავლიან, მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ცოდნა მომავალში გამოგვადგება. მე მომავალში პედაგოგი მინდა რომ გავხდე. აქ ნასწავლი ცოდნითა და უნარის მეშვეობით ამ მიმართულებით მინდა განათლების მიღების გაგრძელება“. - ამბობს ისა სამედოვი


კიდევ ერთი გამარჯვებული გარიკ გასპარიანი აცხადებს, რომ გამარჯვება მისთვის მოტივაციის წყაროა.

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამაში ვსწავლობ. სხვადასხვა პროექტებში აქტიურად ვიღებ მონაწილეობას. ბავშვობიდან ფოტოაპარატი და საინტერესო რამის გადაღება მიყვარდა. ჯიპა მედია ლაბის პროექტში მონაწილეობა ჩემთვის მნიშვნელოვანია. გამარჯვება ძალიან კარგი გრძნობაა“. - აცხადებს გარიკ გასპარიანი

„მედია ლაბის“ პროექტი 2017 წლიდან ეთნიკურად აზერბაიჯანელებითა და სომხებით დასახლებულ რეგიონებში, ქვემო ქართლში და სამცხე-ჯავახეთში მოქმედებს. ამის შესახებ პროექტის მენეჯერმა ნინო მახვილაძემ რადიო „მარნეულთან“ ისაუბრა. მან განაცხადა, რომ პროექტის მიზანი ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის დონეს ამაღლებაა.

„ეს პროექტი 2017 წელს საქართველოს საჯარო საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპა) და საქართველოში ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით დავიწყეთ. ყველა თბილისში, ჯიპა-ში ვერ მოდის. რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს ფიზიკურად დედაქალაქში ჩასვლის და სწავლის საფასურის გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ. რეგიონებში ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდების არსებობის გვჯერა“.

მახვილაძეს თქმით, „მედია ლაბის“ პროექტის ინიციატორი ჯიპას დეკანი ნინო ივანიშვილია. სწორედ მან გადაწყვიტა, რომ ჯიპა იმ რეგიონებში ჩასულიყო, სადაც ენის ბარიერია.

„მიზანი ეთნიკური ჯგუფების ინტეგრაციის გაძლიერებაა. ჩვენ ვატყობთ რომ ქვემო ქართლში მცხოვრები ახალგაზრდები განათლების გასაგრძელებლად აზერბაიჯანში ან თურქეთში, სამცხე ჯავახეთის ახალგაზრდები კი რუსეთში ან სომხეთში მიდიოდნენ. შემდგომ იქ რჩებოდნენ და არ ბრუნდებოდნენ სამშობლოში“ - აცხადებს ნინო მახვილაძე

გთავაზობთ გამარჯვებული ფოტო ისტორიების და ავტორების ვინაობას:

I ადგილი - კულტურათა გადაკვეთა - დარია მურადოვა, ამინა მურადოვა
II ადგილი - სიმართლის მთქმელი მატყუარა - ისა სამედოვი, ისმაილ ჯალილოვი
III ადგილი - მარტოობის კვალი - გულუზარ ორუჯოვა, ფინარ ხუდიევა


  • სპეციალური პრიზი - ზღაპრების ერთი ჩემოდანი - გარიკ გასპარიანი
  • სპეციალური პრიზი - არ გაახაროს სიკვდილმა - ელვინ დაშდამიროვი, ეშგინ მამედოვი
  • ჯიპას სპეციალური პრიზი - რუსლან მამედოვი, ჩინარა ნაბიევა, ასიმ ისაევი და ამინა ახმედოვა
  • ყველაზე კარგი ფოტო - ელიფ აივაზოვა, იაგმურ ეფენდიევა, სემა ბედიევა


გამარჯვებული გუნდები ჯიპა მედია ლაბის მიერ მობილური ტელეფონით, პლანშეტით და ფოვერბანკით დაჯილდოვდნენ.

„ჯიპა მედია ლაბის“ ადგილობრივი პარტნიორი ახალი აზროვნების ინსტიტუტია.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები