მარნეულის მერის პირველი საჯარო ქონებრივი დეკლარაცია ივნისში გამოქვეყნდება
„მარნეულის მერი თემურ აბაზოვი მუნიციპალიტეტების მერებს შორის ერთადერთია, ვისაც ქონებრივი დეკლარაცია დღემდე არ წარუდგენია . კანონის თანახმად, აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისას თანამდებობის პირი 1000 ლარით ჯარიმდება.“ - აღნიშნული ინფორმაცია „რეგინფომ“ 16 აპრილს გამოაქვეყნა.

„რეგინფოს“ მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ასევე წერია, რომ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის შესაბამისად, თანამდებობის პირი ვალდებულია დანიშვნიდან ან არჩევიდან 2 თვის ვადაში საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგინოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.

თემურ აბაზოვი მარნეულის მერი 2017 წლის 21 ოქტომბერს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებზე გახდა, ხოლო უფლებამოსილების განხორციელებას 12 ნოემბრიდან შეუდგა.

თემურ აბაზოვის მარნეულის მერად გახდომიდან უკვე შვიდ თვეზე მეტია გასული, თუმცა declaration.gov.ge-ზე სადაც საჯარო მოხელეების ქონებრივი დეკლარაციებია განთავსებული აბაზოვი არ იძებნება.

რადიო „მარნეულის“ კითხვაზე, თუ რატომ არააქვს მარნეულის მერს ქონებრივი დეკლარაცია შევსებული, აბაზოვმა გვიპასუხა, რომ ის კანონმორჩილი მოქალაქეა და დეკლარაციის შესავსებად დრო ჯერ კიდევ აქვს.

საჯარო სამსახურის ბიუროს ცხელ ხაზზე რადიო „მარნეულს“ უთხრეს, რომ ვინაიდან თემურ აბაზოვი წარსულში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო მისი ქონებრივი დეკლარაციები დახურულია და ის დეკლარაციას ყოველი წლის ივნისში ავსებს. საედანაც გამომდინარეობს, რომ აბაზოვს კანონი არ დაურღვევია.

მარნეულის მერი მომდევნო ქონებრივ დეკლარაციას სავარაუდოდ 27 სამუშაო დღეში წარადგენს და ეს მისი პირველი ღია დეკლარაცია იქნება.


რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები