აბაზოვისათვის უფლებამოსილების 32 დღეში შეჩერების შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება
საარჩევნო კოდექსის 169-ე პრიმა მუხლის მიხედვით, მას შემდეგ რაც მერს ოფიციალურად შეუწყდება უფლებამოსილება და ეს ინფორმაცია გასაჯაროვდება, ამის შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისია განკარგულების მეშვეობით რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს, რომლის დანიშვნის დღიდან 50-ე დღესაც მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.

კანონმდებლობის თანახმად მერის რიგგარეშე არჩევნები ტარდება მაისში ან ოქტომბერში. არჩევნები მაისში იმ შემთხვევაში ჩატარდება, თუ მერის უფლებამოსილება შეწყდება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მერის უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე პერიოდში შეწყდება რიგგარეშე არჩევნები იმავე წლის ოქტომბერში გაიმართება.

თემურ აბაზოვს მარნეულის მერის უფლებამოსილება ჯერ არ შეწყვეტია, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მას უფლებამოსილება 32 დღეში შეუწყდება მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნები ოქტომბერში გაიმართება.

მერის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებამდე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილებას ზაურ ტაბატაძე შეასრულებს.

რადიო „მარნეული“

Print