ზაურ ტაბატაძე ქართულის არცოდნაში მოსახლეობას ადანაშაულებს, რასაც EMC არასწორ პოლიტიკურ აქცენტად აფასებს
მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებლის ზაურ ტაბატაძის კომენტარი, სოფელ დამიას მოსახლეობის ქართული ენის ცოდნასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მხრიდან შეფასდა , როგორც პასუხისმგებლობის გადატანა სახელმწიფოდან მოქალქეზე.
როგორც რადიო „მარნეულს“ ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის, თანასწორობის პროექტის პროგრამის დირექტორმა თამთა მიქელაძემ უთხრა, ზაურ ტაბატაძის განცხადება სოფელ დამიაში ადგილობრივ თემთან შეხვედრის დროს პრობლემურია რამდენიმე აზრის გამო და ის ორ მნიშვნელოან პოლიტიკურ ხარვეზს მოიცავს. ერთ-ერთ კი სწორედ ქართული ენის ცოდნას უკავშირდება.



„ენის სწავლების საკითხს დაკავშირებით ის დაახლოებით ამ აზრს ავითარებს: „ღმერთმანი, განვითარდით. ერთი ადამიანი ნახეთ და გაანათლეთ. ყველგან ჩვენ [სახელმწიფო] ვამბობთ, ისწავლეთ ქართული ენა. იმისთვის, რომ ინტეგრირდეთ უნდა ისწავლოთ ქართული ენა.“ აქ ის პოლიტიკურად ასევე მცდარ აქცენტს აკეთებს. ის ენის სწავლების ტვირთს თემს, ადამიანს კიდებს, ნაცვლად იმისა, რომ ენის და ზოგადად განათლების პრობლემასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ვალდებულებებზე და პასუხისმგებლობაზე იმსჯელოს. 2012 წლის კვლევის მონაცემებით, ქვემო ქართლში მცხოვრები 6 წელზე ზევით ასაკის ეროვნული უმცირესობების 71.5 % ვერ ლაპარაკობს სახელმწიფო ენაზე. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია ეთნიკურ აზერბაიჯანელებში - 78, 3 %, ხოლო სომეხ მოსახლეობაში - 36.6 %. ეთნიკური უმცირესობების განათლებისა და ენის სწავლების უზრუველყოფა მნიშვნელოვანი პრობლემაა სახელმწიფოსთვის. ენის პრობლემასთან ერთად ის განათლების მიღების ხარისხს და უფრო ზოგადად ამ ჯგუფების განვითარებისა და პოლიტიკური მონაწილეობის საკითხს ებმის.“ - ამბობს მიქელაძე

თამთა მიქელაძე ასევე ყურადღებას ამახვილებს ქართული ენის შეწავლის პროგრამებზე სკოლებში, რომელიც მისივე თქმით, სუსტი და არასაკმარისია.

„არაქართულენოვან მოსწავლეებში საატესტატო გამოცდებში ჩაჭრის პროცენტი მკვეთრად აღემატება ქართულენოვან სკოლების პროცენტს და აზერბაიჯანულ და აზერბაიჯანულსექტორიან სკოლებში 50%-დან 65%-მდე მერყეობს. ასევე ძალიან მაღალი ჩაჭრის მაჩვენებელი ფიქსირდება სომხურენოვან და სომხურსექტორიან სკოლებშიც. ქართული ენის სწავლების პროგრამები სკოლებში კვლავ სუსტი და არასაკმარისია. პრობლემურია ბილინგვური სახელმძღვანელოების და მასწავლებლების ხარისხი. ეთნიკურ უმცირესობას მიკუთვნებული მასწავლებლების მიერ ქართულიენის ცოდნის ხარისხი ასევე დაბალია. ამ პირობებში, როცა ქართული ენის სწავლებით კუთხით რედიკალურ პოზიტიურ ნაბიჯებს სახელმწიფოს არ დგამს, პასუხისმგებლობის ცენტრის ადამიანებისთვის და სოციალური ჯგუფებისთვის გადაკისრება სწორი მიდგომა არ იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მთლიანობაში ეთნიკური უმცირესობების დაბალი პოლიტიკური და სოციალური მონაწილეობა და თანასწორობის მხარდამჭერი პოლიტიკური რიტორიკის სისუსტე ხელისუფლების მხრიდან ქართულ პოლიტიკურ პროექტთან ეთნიკურ უმცირესობების ბმას ისედაც ასუსტებს, რაც ცხადია, შეიძლება ასევე გავლენას ახდენს მათი მხრიდან ენის სწავლების მოტივაციაზე. ადამიანებს სჭირდებათ მყარი და დამაჯერებელი წარმოდგენის და მოლოდინის შექმნა, რომ მათ მიერ ქართული ენის შესწავლის პირობებში ისინი ნამდვილად გახდებიან არსებული პოლიტიკური და სოციალური სისტემის ნაწილები და ისარგებლებენ, მოითხოვენ და გარდაქმანიან საჯარო სიკეთეებს და ღირებულებებს. სწორედ გაბატონებული ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმი, სუსტი ინტეგრაციის პოლიტიკა, დაბალი პოლიტიკური მონაწილეობა, სოციალური და ეკონომიკური მოწყვლადობა, კულტურული იერარქიები ასუსტებს ამ მოტივაციას, და არა ის, რომ ადამიანებს არ სურთ ან არ ინდომებენ ქართული ენის სწავლებას. „


თამთა მიქელაძე ამბობს, რომ საჯარო განცხადებებით იქმნება გარკვეული დისკურსი და უფრო პასუხისმგებლიანი განცხადებების გაკეთება, ცხადია, უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა.  როდესაც ვლაპარაკობთ მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებაზე, წესით ის  ყველაზე უფრო მეტად უნდა გრძნბდეს და კიდევ უფრო მაღალი სენსიტიურობით უნდა ეკიდებოდეს ეთნიკური უმცირესობების პრობლემას.

„პირველი რიგში მის მიერ ხაზგასმის გაკეთება იმაზე, რომ ადგილობრივებს სწორი სახელმწიფოებრივი აზროვნება აქვთ და ისინი „ჩვენს“ გვერდით დგანან და ხედავენ სახელმწიფოს მიერ თანმიმდევრულად განხორციელებულ პოზიტიურ ღონისძიებებს (მაგალითად, წყლის პრობლემის მოხსნა), ქვეტექსტში ორ პოლიტიკურად ხარვეზიან შინაარს შეიცავს: ის შეიცავს მოქალაქეების ჩვენებად და სხვებად გაუმართებელი დაყოფის ნიშნებს, რაც მოქალაქეობის პოლიტიკურ იდეაში ეთნიკური იდენტობების გამო განსხვავების იდეის არასწორი შემოყვანაა; და მეორე ის სთხოვს ეთნიკურ უმცირესობებს მაღალ ლოიალობას ხელისუფლების მიმართ, და ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია, რომ ისინი ხელისუფლების გვერდით დგანან და მათი მცდელობების მადლიერები არიან. ეთნიკური უმცირესობების აღქმა, რომ მათ განსაკუთრებით მაღალი ლოიალობა უნდა ჰქონდეთ ხელისუფლების მიმართ და ნაკლებად პოლიტიკურები იყვნენ (ანუ თამამად და კრიტიკულად არ დააყენონ საკუთარი მოთხოვნები და წუხილები დღის წესრიგში), ტიპიური შეცდომაა, რომელსაც ხელისუფლებები და პოლიტიკური ჯგუფები უშვებენ. ცხადია, რომ ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის, სამოქალაქო კრიტიკულობის მიმართ მიუღებლობა მათ არასრულფასოვან მოქალაქეებად აღქმის პრობლემას უკავშირდება“. - ამბობს თამთა მიქელაძე.

შეგახსენებთ, რომ 27 ივნისს მარნეულში სომხეთის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი დღეს,  სოფელ დამიას მოსახლეობას შეხვდა. სწორედ ამავე შეხვედრაზე გააკეთა განცხადება ზაურ ტაბატაძემ სოფელ დამიას მოსახლეობის ქართული ენის სწავლასთან დაკავშირებთ. 

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები