ნატოს სამიტი “ქაოსში” – ტრამპის მოულოდნელი განცხადებები და შეხვედრა ალიანსის წევრებს შორის
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მას შეუძლია აშშ გაიყვანოს ნატო-დან, თუმცა ამის საჭიროებას ვერ ხედავს.

ნატოს სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპს ჟურნალისტმა ჰკითხა:

“ისევ იმუქრებით თუ არა რაიმე მიზეზით აშშ-ის პოტენციური გასვლით ნატო-დან და გჯერათ თუ არა, რომ ამის გაკეთება კონგრესის მხარდაჭერისა და დასტურის გარეშეც შეგიძლიათ?”

კითხვას პრეზიდენტმა ასე უპასუხა:

“ვფიქრობ, ალბათ, შემიძლია, მაგრამ ეს არ არის საჭირო. ისინი[ალიანსის სხვა წევრები] დღეს ისეთ დონეზე ავიდნენ, როგორც არასდროს”, – თქვა მან.

პრესკონფერენციას წინ უძღოდა ტრამპსა და ალიანსის წევრი სხვა სახელმწიფოების ლიდერებს შორის საგანგებო შეხვედრა. როგორც შემდგომ ტრამპის განცხადებებიდანაც გამოჩნდა, შეხვედრაზე იმსჯელეს ალიანსის წევრების თავდაცვითი ბიუჯეტისა და ნატო-ში მათი ფინანსური წვლილის გაზრდის შესახებ.

“ტრამპმა ნატო-ს სამიტი ქაოსში შეიყვანა თავდაცვის დაფინანსების საკითხზე შეტევით” -ასე შეაფასა გამოცემა “გარდიანმა” აშშ-ის პრეზიდენტის მოულოდნელი ქმედება.

CNN-ის ცნობით, როგორც ტრამპმა შეხვედრის შემდეგ გამართულ დაუგეგმავ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სამხედრო ფინანსების გაზრდის მიმართულებით შეთანხმება შედგა.

“მე ვუთხარი ადამიანებს, რომ ძალიან დამწუხრებული ვიქნები, თუ ისინი თავიანთ ვალდებულებებს არსებითად არ გაზრდიან. იმიტომ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უზარმაზარ თანხებს იხდის – ალბათ, ნატო-ს ფინანსების 90%-ს”.

შემდეგ კი პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოკავშირეები აღნიშნულ საკითხზე შეთანხმდნენ.

“ყველანი შეთანხმდნენ, რომ არსებითად გაზრდიან თავიანთ ვალდებულებებს. ისინი ამას აპირებენ ისეთ დონეზე, როგორც არასდროს”, – აღნიშნა მან. ტრამპს არ დაუკონკრეტებია, რომელ სახელმწიფოს რა სახის გეგმები აქვს აღნიშნულთან დაკავშირებით.

ამ ყველაფრის ფონზე სამიტის ფარგლებში დაგეგმილი არაერთი შეხვედრა და პრესკონფერენცია ჩაიშალა. “გარდიანის” ცნობით, გაუქმებულ ღონისძიებებს შორისაა ანგელა მერკელისა და ტერეზა მეის პრესკონფერენციებიც. გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრის დაწყებამდე საქართველოსა და უკრაინის წარმომადგენლებს ოთახის დატოვება სთხოვეს, ვინაიდან იქ ნატო-ს შიდა საკითხები უნდა განხილულიყო.

შეხვედრის შემდეგ ალიანსში შემავალი ევროპის ქვეყნების ლიდერები საკუთარ ოთახებში დაბრუნდნენ და ინდივიდუალურ კონსულტაციებს მართავდნენ.

დონალდ ტრამპი გაპრეზიდენტებიდანვე გამოთქვამდა პრეტენზიას ნატო-ს წევრი ქვეყნების არასათანადო ფინანსურ როლზე. გუშინ კი მან “ტვიტერზე” დაწერა, რომ ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა ნატო-სთვის უნდა გაიღონ მათი მშპ-ს მინიმუმ 2%, როგორც ამას ალიანსის წევრებს შორის არსებული შეთანხმება ითვალისწინებს.

ბრიუსელში ნატო-ს სამიტი გუშინ დაიწყო.






წყარო: netgazeti.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები