ზაურ ტაბატაძემ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის ბანერების მოხსნასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრები დღეს, 25 ოქტომბერს საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატების მოხსნას აპროტესტებდნენ. ვაშაძის ორი ბანერი რუსთაველის ქუჩაზე, მესამე სკოლის მოპირდაპირე მხარეს, გაზის მილზე იყო მიმაგრებული. ზედამხედველობის სამსახურმა 23 ოქტომბერს პლაკატები მოხსნა, თუმცა ჩვენ კითხვაზე თუ რა გახდა ამის მიზეზი წერილობითი მიმართვა გვთხოვა.

საპროტესტო მსვლელობის შემდეგ, 21:45 საათზე მარნეულის მერიის Facebook გვერდზე მერის მოვალეობების შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

„წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს უაღრესად დემოკრატიულად. არც ერთ პარტიას არ აქვს არანაირი შეზღუდვა, კანონით დაშვებულ ადგილებში, ბანერების თუ ბილბორდების დაკვრასთან დაკავშირებით. ამ კონკრეტულ შემთვევაში დარღვეულია საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლი. ასევე დარღვეულია ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლი, ასევე დარღვეულია მთავრობის დადგენილების 57-ე მუხლის სხვადასხვა მოთხოვნები“- განაცხადა ზაურ ტაბატაძემ




საარჩევნო კოდექსის 46 მუხლში საარჩევნო აგიტაციის მასალის განთავსების პრინციპია განსაზღვრული.

1. სააგიტაციო მასალა შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვე­ვაში.

2. აკრძალულია სააგიტაციო მასალის საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე განთავსება/გაკვრა.

3. აკრძალულია ტოტალიზატორის გამართვა არჩევნებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით განსაზღვრონ იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც სააგიტაციო მასალის განთავსება აკრძალულია, და განსაზღვრონ ადგილები ან/და დადგან სტენდები სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად. სტენდი იმ ზომის უნდა იყოს, რომ სააგიტაციო მასალის გამოფენისას ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბარი პირობებით იყოს უზრუნველყოფილი.

ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლი კი თვითმმართველი ერთეულის იერსახის შენარჩუნებაზე საუბრობს.

1. თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებური შეცვლა, მათ შორის, შენობა-ნაგებობის ფერის შეცვლა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. (8.05.2007 N4713)

3. სავენტილაციო სისტემის, ბანკომატის, სარეცხის საშრობის, გისოსების, ჯიხურების, დახლების ან/და სხვა მსუბუქი კონსტრუქციის თვითნებური მონტაჟი ან/და განთავსება, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 1 000 ლარის ოდენობით.

4. იგივე ქმედება, ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. (8.05.2007 N4713)

5. ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 20 დღის ვადაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

მთავრობის დადგენილების 57-ე მუხლიში საუბარია მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებასა და მშენებლობის ახალი ნებართვის შესახებ.

1. მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო ობიექტზე არ არის განხორციელებული ისეთი სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც ამ დადგენილების შესაბამისად საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას.

2. მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის დამკვეთმა ან მისმა წარმომადგენელმა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლამდე წერილობით უნდა მიმართოს მშენებლობის ნებართვის გამცემ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ, მიმართვას უნდა დაურთოს დარჩენილი სამუშაოების მშენებლობის ორგანიზების პროექტი და მშენებლობის დასამთავრებლად მოთხოვნილი გონივრული ვადა.

3. მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებისას მშენებლობის ნებართვის გამცემი შესა-ბამისი ადმინისტრაციული ორგანო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მშენებლობის დასრულების თარიღის შეცვლის შესახებ, რის თანახმადაც ცვლილებები შედის სანებართვო მოწმობაში.

4. თუ დამკვეთი ან მისი წარმომადგენელი მშენებლობის ნებართვის გამცემ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადებით მიმართავს მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში საჭიროა მშენებლობის ახალი ნებართვის მიღება.

5. დამკვეთი ან მისი წარმომადგენელი ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას დაურთოს დარჩენილი სამუშაოების მშენებლობის ორგანიზების პროექტი, მშენებლობის დასამთავრებლად მოთხოვნილი გონივრული ვადა და მშენებლობის ნებართვის მისაღებად გადახდილი მოსაკრებლის ახალი ქვითარი.

6. მშენებლობის ახალი ნებართვის გაცემისას მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად და ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით გასცემს მშენებლობის ნებართვას.

7. სამშენებლო დოკუმენტის დარღვევის შემთხვევაში მშენებლობის ახალი ნებართვა გაიცემა დადგენილების 63-ე მუხლის შესაბამისად.

კონკრეტულად თუ რომელი პუნქტები აქვს დარღვეული „გაერთიანებულ ოპოზიციას“, ჩამოთვლილი მუხლების შესაბამისად, მერის მოვალეობების სემსრულებეს არ დაუკონკრეტებია.



ამავე თემაზე:

გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა მარნეულში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს

მარნეულში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ბანერები ჩამოხსნეს

გრიგოლ ვაშაძის ბანერების მოხსნის მიზეზს ზედამხედველობის სამსახური ვერ ასაბუთებს და წერილობით მიმართვას გვთხოვს
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები