სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მეორე ტურისათვის მზადაა
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი კანდიდატურის მოხსნას არ გეგმავს და ბრძოლას აგრძელებს .

“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, პირველ ტურში პირველი ადგილის დაკავება გამარჯვებაა, რისთვისაც მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა:

“რუსთავი 2 ფიქრობს და აჯერებს ხალხს რომ შეიძლება მოვხსნა კანდიდატურა და რა ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა? და რა, მხარდამჭერები და თანამებრძოლები მივატოვო შუა ბრძოლაში? არა! მგონი არ მიცნობენ ” – ამბობს ზურაბიშვილი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ ადგილზე “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გავიდა.

ზურაბიშვილმა ხმების 38,64% მიიღო. მეორე ადგილზე 37,74%-ით პოლიტიკური გაერთიანება “ძალა ერთობაშიას” კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეა.

წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში მესამე ადგილზეა დავით ბაქრაძე “ევროპული საქართველოდან” (10,97%), მეოთხე კი შალვა ნათელაშვილმა დაიკავა “ლეიბორისტული პარტიიდან”(3,74%).

მეხუთე ადგილი დავით უსუფაშვილმა დაიკავა (2.26%), რომელმაც ზურაბ ჯაფარიძეს (2,26%) 3 ხმით გაუსწრო.

ვინ გახდება საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, ამას ამომრჩეველი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გადაწყვეტს.




წყარო: ნეტგაზეთი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები