ირაკლი ოქრუაშვილი მეორე ტურში მხარს ვაშაძეს დაუჭერს
ირაკლი ოქრუაშვილმა დაადასტურა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმას გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს მისცემს .

TV პირველის გადაცემა “რეაქციაში” საუბრისას ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არჩევანი “მორალურად ურთულესი” იქნება, თუმცა მოსახლეობამ მხარი უნდა დაუჭიროს ცვლილებას.

“…ასეთი რთული არჩევანი დამოუკიდებლობის შემდეგ ალბათ 2-3-ჯერ გვქონდა, მეტი არა…ეს არჩევანი არის მორალურად ურთულესი იმიტომ, რომ გრიგოლ ვაშაძე ასოცირდება ჩვენთვის რთულად გასახსენებელ მომენტებთან. მეორე მხარეს არის ქალბატონი, რომელიც შორს არის ჩვენი იდენტობისგან, იმ ხასიათისგან, რაც ქართველებს გაგვაჩნია.

…თუ გინდა, რომ ამ ჭაობიდან ამოსვლის პერსპექტივა გავაჩინოთ, უნდა დავუჭიროთ მხარი ცვლილებას. ჩემთვის ცვლილება არის მათი საწინააღმდეგო. მე ამ არჩევნებზე წავალ, ხმას მივცემ ივანიშვილის და ზურაბიშვილის წინააღმდეგ და ეს წინააღმდეგ ტოლობის ნიშანი იქნება გრიგოლ ვაშაძის სახით.

ამას ვამბობ როგორც რიგითი მოქალაქე. არ ვარ პოლიტიკური ამბიციის მატარებელი ადამიანი. ეს იქნება ჩემი იძულებითი არჩევანი, რომელიც დაგვიტოვა ბიძინა ივანიშვილმა”, – აღნიშნა მან.

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მოქალაქეებს ილუზია არ უნდა ჰქონდეთ იმისა, რომ მესამე ძალა არსებობს, თუმცა ეს პერსპექტივა “გაჩნდება იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი წააგებს ამ არჩევნებს.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე “ნაციონალური მოძრაობის” დროს მინისტრთა კაბინეტის წევრსა და შემდგომ პარტიასთან დაპირისპირებულ ირაკლი ოქრუაშვილს 3 ნოემბერს შეხვდა.

ვიდეოჩანაწერის მიხედვით, რომელიც ოპოზიციური კოალიციის “ძალა ერთობაშია” ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა, შეხვედრა ოქრუაშვილის სახლში შედგა. ოქრუაშვილის შეფასებით, “ქვეყანა ჩიხშია”, ვაშაძეს კი მეორე ტურში წარმატებას უსურვებს.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები