მარნეულელი ამომრჩევლების გულის მოგებას სააკაშვილის „ავტორიტეტით“ ცდილობენ


„ვლაპარაკობთ იმაზე თუ რა გავაკეთეთ 9 წლის განმავლობაში და „ოცნებამ“ რა გააკეთა 6 წელში“ - გვეუბნება საქართველოს პარლამენტის წევრი აზერ სულეიმანოვი, კითხვის პასუხად, თუ რას ეუბნებიან ამომრჩევლებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

სულეიმანოვი იმასაც ამბობს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ამომრჩევლებს მათი სამომავლო გეგმების შესახებაც უყვებიან.

„ჩვენს მომავალ გეგმებზე ვლაპარაკობთ, თუ რა შეიცვლება და რატომ მოვდივართ მთავრობაში, ჩვენ რა გავაკეთეთ 9 წელში და „ოცნებამ“ რა გააკეთა 6 წელში. ჩვენი აშენებული ქვეყანა იყო და ახლა „ოცნების“ დანგრეული ქვეყანაა. აი ამ თემებზე ვლაპარაკობთ ყველა სოფელში.“

სულეიმანოვი ამბობს, რომ ყოველდღიურად დადიან სოფლებში და ჯერა, რომ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილზე 3-ჯერ მეტ ხმას მიიღებენ.

პარლამენტარი ამბობს, რომ პირველი ტური გაყალბდა და მათ ბევრად უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავთ, ვიდრე არჩევნების დროს დაფიქსირდა.

მარნეულელების მხარდაჭერის მოპოვებას გაერთიანებული ოპოზიცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეშვეობით ცდილობს. მარნეულის სხვადასხვა სოფლებში წინასაარჩევნო კამპანიის დროს სააკაშვილი მოსახლეობას სხვადასხვა სოციალური ქსელების მეშვეობთ უკავშირდებოდა. აზერ სულეიმანოვი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სააკაშვილის ჩართვების ერთ-ერთი მიზეზი მისი ავტორიტეტია.

„სააკაშვილს აქვს ძალიან დიდი ავტორიტეტი. სააკაშვილი არის ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და ამაში ცუდი არაფერი არაა. ეს ჩემი თხოვნა არაა, ესაა ხალხის თხოვნა. ხალხს უნდათ სააკაშვილის დაბრუნება საქართველოში და მალე, არჩევნების შემდეგ, ის საქართველოში დაბრუნდება.“

არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს მხარი პარტია „ევროპულმა საქართველომ“ და „რესპუბლიკელებმა“ დაუჭირებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების მიხედვით, მარნეულში 90 უბნიდან 16 884 ხმა სალომე ზურაბიშვილმა, ხოლო 13 796 ხმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო.

ქალაქსა და სოფლებში ხმები სხვადასხვანაირად გადანაწილდა. ქალაქში გახსნილი 15 საარჩევნო უბნიდან 14-ში გრიგოლ ვაშაძემ, ხოლო 1-ში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. რაც შეეხება სოფლებში გახსნილ საარჩევნო უბნებს, 49-ში ზურაბიშვილმა, ხოლო 25 ვაშაძემ გაიმარჯვა. სოფელ ქვემო ყულარში, N90 საუბო საარჩევნო უბანში, გრიგოლ ვაშაძემ და სალომე ზურაბიშვილმა ხმების იდენტური რაოდენობა დააგროვეს. მარნეულის ბოლო საარჩევნო უბანზე მეორე ტურში გადასულმა კანდიდატებმა 131-131 ხმა მიიღეს.

რადიო „მარნეული“


Print